Accentnews.ge
როგორ ესმით აშშ–ის სენატიდან გზავნილები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

როგორ ესმით აშშ–ის სენატიდან გზავნილები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

24/03/2021 08:50:05 პოლიტიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა, "ქართულ ოცნებას" კი "გარკვეული რჩევები" მისცა.

"ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციასა და ჩვენს საზოგადოებას უთხრა, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დღემდე მკაფიოდ პროდასავლურ კურსზეა და ამ კურსისთვის არასდროს გადაუხვევია.

ასევე თქვეს, რომ ის ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარეტებს.

ასევე ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უთხრა ჩვენს ოპოზიციას, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ. დიდი იმედი მაქვს ქართული ოპოზიცია ასე გააკეთებს.[...] საბოლოდ, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ნიკა მელია ვინაიდან დაარღვია კანონი, სწორედ ამიტო არის ციხეში", - განაცხადა წულუკიანმა.

"ქართული ოცნების" საერთაშორისო მდივნის კახა კუჭავას თქმით, სენატში საქართველო შეაფასეს როგორც პროდასავლური, დემოკრატიული ქვეყანა და რეგიონში მისაბაძი ლიდერი.

"საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში. სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნეს წარმოჩენილი მათი მხრიდან კომპრომისად, არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად. შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება - სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური, დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო "ქართულმა ოცნებამ", როგორც პროდასავლურმა ძალამ, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან - 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადა ევროკავშირში წევრობაზე. ბუნებრივია, გამოხატულ იქნა წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან", - განაცხადა კუჭავამ.

მისი განაცხადებით, "ქართული ოცნება იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული".

"სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც", – ასე აფასებს დეპუტატი "ოცნებიდან" ირაკლი ზარქუა სენატში გამართულ მოსმენას.

"გაკეთდა მნიშვნელოვანი მესიჯები. პირველი – 2012 წლიდან მოყოლებული "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსიდან არასდროს გადაუხვევია. უფრო მეტიც, რეფორმებითა და გადადგმული ნაბიჯებით, კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან. მეორე – სენატორებისაგან იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. მესამე – საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს. ითქვა, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია და შესაბამისად, ზის ციხეში. ყველაზე მთავარია ის, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და დიალოგი არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი", აცხადებს ზარქუა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რაც არ უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ”, ეს არის რეალობა, რაც სენატში ითქვა.

"რა თქვეს აშშ-ს სენატში: ოლიგარქიული მმართველობა; პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური დევნა; ნიკა მელიას დაკავება უკან გადადგმული ნაბიჯი; რუსეთის ინტერესების გაძლიერება; ლეგიტიმაციის ზღვარი არ არის საკმარისი არჩვენებისთვის; სასამართლოს მართავს კლანი; ამომრჩეველზე ზეწოლის ზუსტი აღწერა; "ოცნებას" ეკისრება პასუხისმგებლობა; თუ დემოკრატია არ იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არსებობს; თავისუფალ მედიაზე ზეწოლა; სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა; წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის; მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები", – აცხადებს დეკანოიძე.

მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები "გვაფრთხილებენ, რომ აუცილებლად უნდა შედგეს შეთანხმება":

"დეტალურად ისაუბრეს მარტო დემოკრატიის ეროზიაზე კი არა, ყველა იმ შემადგენელ კომპონენტზე - არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ცსკ-ის პრობლემაზე, დაშინებაზე, პოლიტიკურ დევნაზე - დეტალურად ისაუბრეს. ამით გვეუბნებიან, რომ ზუსტად იციან, რაში არის პრობლემა და გვაფრთხილებენ, რომ აუცილებლად უნდა შედგეს შეთანხმება", - აცხადებს ხოშტარია.

მისი თქმით, ახლა ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ სენატის მოსმენაზე აღინიშნა, რომ "ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება:

"აღინიშნა არაერთხელ, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. მათ შორის – შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს და კომპრომისები უნდა გაკეთდეს. ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი იყო, არჩევნების შეფასებისას ძალიან მკაფიოდ ითქვა მთელი იმ ნეგატივის შესახებ, რაც არჩევნებს უკავშირდებოდა. საუბარი იყო ასევე სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიული უკუსვლაა. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებში და ამ არეულობით და პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ რუსეთი იგებს".

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, მსგავსი ნეგატიური გზავნილები არ გვქონია".

"სენატორები საუბრობდნენ, რომ თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო ევროატლანტიკური წევრობის შანსს დაკარგავს. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულების სისტემაზე, პოლიტიკაზე და მელიას დაჭერა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მითითება იმის შესახებ, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არ უნდა ისხდნენ. მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან, რადგან ეს კრიზისი აზიანებს სახელმწიფოს, ხალხს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ნაკარნახევია არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, როგორც ხელისუფლება ცდილობს გაასაღოს, არამედ საქართველოს წარმატებისა და დახმარების სურვილით“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ასევე: რა თქვეს სენატში საქართველოზე – ძირითადი აქცენტები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S