ქემოკლიძე: „მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ“
24/03/2021 12:03:37 პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრად მოიაზრება, საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენას ეხმიანება და რამდენიმე საკითხს გამოყოფს. კერძოდ, როგორც ქემოკლიძე აღნიშნავს,“ბოლო 8/9 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის სენატში მსგავსი, შინაარსობრივად უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების და რიგ შემთხვევებში, ოპოზიციის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯების მისამართით“.
მისივე შეფასებით, „მეგობრები და პარტნიორები გასაკვირად კარგად არიან ინფორმირებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი „Staffer“-ები, ისევე როგორც საკანონმდებლო/სახელმწიფო აპარატს მიღმა მყოფი ორგანიზაციები კიდევ უფრო ღრმად და დეტალურად აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“.
ქემოკლიძე მიუთითებს, რომ „ამერიკელმა სენატორებმა დაადასტურეს ის განცდა, რაც ყველას გვქონდა - შექმნილი პოლიტიკური კრიზისით სარგებლობს (თანაც მინიმალური დანახარჯით) ოკუპანტი რუსეთი და რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გახდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა“.
მისივე დაკვირვებით, „ამერიკელმა მეგობრებმა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს კრიზისის დაძლევის მზა სახელმწიფოებრივი ხედვა შესთავაზეს - გვერდით გადაიდოს მოკლევადიანი პოლიტიკური დღის წესრიგი, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით დაიძლიოს პოლარიზაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს დემოკრატიის მშენებლობა“.
ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ „ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას მიერ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს, რადგან ის რადიკალიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების არ დაშვებას ემსახურებოდა“.
„გუშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ. ეს იყო საჯარო და მკაფიო სიგნალი, რომ სახელმწიფოს, დემოკრატიული განვითარების გზაზე მეტი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს!
ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ეს გზავნილები ადეკვატურად (და არა ვიწრო პარტიული პრიზმით) იქნას აღქმული და კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს. დაპირისპირებული მხარეების მხრიდან კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული გზავნილების საკუთარ ინტერესებზე მორგების ნებისმიერი მცდელობა იქნება სრულიად უშედეგო და კიდევ უფრო კონტრპროდუქტიული“,– დასძენს ქემოკლიძე.
იხილეთ ასევე:
რა თქვეს სენატში საქართველოზე – ძირითადი აქცენტები
როგორ ესმით აშშ–ის სენატიდან გზავნილები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში


