
აფხაზეთის სახალხო დამცველი - რუსეთის ე.წ. საელჩოს წინააღმდეგ
25/03/2021 08:11:37 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი "აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს" ალექსეი დვინიანს მიმართავს და მისი უწყების ქმედებებით დაინტერესებას სთხოვს. ომბუდსმენს, კერძოდ, სურს, შემოწმდეს "საელჩოს" მიერ აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის დაწესებული 5 000 რუბლის ოდენობის მოსაკრებლის კანონიერება.
ამ თანხას ადგილობრივებს "რუსეთის მოქალაქეობის ფლობის შემოწმებაში" ართმევენ, რაც, როგორც დვინიანინის უწყებაში აცხადებენ, "უცხოური პასპორტის შესაცვლელადაა აუცილებელი".
როგორც მიმართვაში ომბუდსმენი აღნიშნავს, აფხაზეთში მცხოვრებთა უმრავლესობას თავის დროზე რუსეთის მოქალაქეობა სწორედ "საელჩოში" აქვს მიღებული, ამდენად, საბუთების ადგილზევე გადამოწმება არავითარ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს და არც რაიმე დამატებით მოსაკრებელს საჭიროებდეს.
«პანდემიისა და საკარანტინო ღონისძიებების გამო ბევრმა ადგილობრივმა უცხოური პასპორტის შესაცვლელად საბუთები დროულად ვერ წარადგინა. ამასთან, ათასობით ადამიანი ისევ და ისევ პანდემიის გამო მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვინც მანამდეც სოციალურად დაუცველი იყო. ამდენად, საკონსულო მოსაკრებელი მათთვის დაუძლეველი პრობლემაა. ვიმედოვნებ, რუსეთის საკონსულო გაითვალისწინებს აფხაზეთის მაცხოვრებლების მდგომარეობას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რათა აფხაზეთის მცხოვრებთა უფლებები და თავისუფლებები ამ ნაწილში აღარ ილახებოდეს" - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.
საკონსულო მოსაკრებელი რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გაიზარდა.