Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი: "მოვუწოდებთ რუსეთს, აღადგინოს საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა"

სახელმწიფო დეპარტამენტი: "მოვუწოდებთ რუსეთს, აღადგინოს საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა"

11/07/2019 13:17:38 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,"- ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ სინდი სეინს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე განუცხადეს. 

"ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან" 

კომენტარი საქართველოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციაზე გაკეთდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. 

გარდა ამისა, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის სანქციების დაწესებას.

"ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია" - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

9 ივლისს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პუტინს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციას სათათბიროს აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მიღებას კი წინ ანტიქართული განცხადებები უძღოდა.  


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S