თურქეთის ელჩი: „ამ რეგიონში ჩვენ ერთი ბედი გვაქვს: რაც მოგვივა ჩვენ, მოგივათ თქვენ და პირიქით“

29-03-2021 13:02:39 კომენტარი

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა ირაკლი ტაბლიაშვილის გადაცემაში „კონტაქტი“ ქართულ–თურქულ ურთიერთობებზე, ყალბ ახალ ამბებზე, ოკუპაციაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის – რუსულ–თურქულ პარტნიორობაზე ისაუბრა.

„ჩვენ არა მხოლოდ კარგი მეგობრები, არამედ ნათესავები ვართ: ქართული წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ თურქეთში, აფხაზები, საქართველოში არიან ადამიანები, რომელთა ნათესავებიც თურქეთში ცხოვრობენ – ჩვენ ნათესავები ვართ და ამ რეგიონში ჩვენი ბედი ერთია: რაც მოგვივა ჩვენ, მოგივათ თქვენ და პირიქით. ჩვენი პარტნიორობა ძალიან ნაყოფიერად ვითარდება. არა მხოლოდ დემარკირებული გვაქვს სახმელეთო საზღვარი , არამედ ერთმანეთს ვეხმარებით სატრანზიტო პროექტებში, რეგიონალურ თანამშრომლობაში. ერთმანეთთან გვაქვს ჰარმონიზებული სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხები რეგიონში. როდესაც ერთმანეთთან რაიმე შეშფოთების საგნები გვაქვს, გახსნილები ვართ. როდესაც კონფლიქტური ინტერესები არსებობს, გვაქვს გზები, ვისაუბროთ და ორივესთვის სასარგებლო კონსენსუსს მივაღწიოთ“,– განაცხადა ელჩმა.

დეზინფორმაცია: „ეს მოდის გარედან“

როგორც დიპლომატი აღნიშნავს, როდესაც საქართველოში ელჩის სტატუსით დაიწყო მუშაობა, პირველი ჭორი, რომელიც მან მოისმინა ყარსის ხელშეკრულებას ეხებოდა. „დავაკვირდი, რომ მსგავსი სიბეცე და და აშკარა ტყუილი როდესაც დღის წესრიგში დგება, ეს არა საქართველოდან, არამედ საქართველოს გარედან მოდის. ვეცადე მიმეკვლია ვებ–გვერდებისთვის. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ესენი გახლავან ჯგუფები საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ამის პედალირებას ახდენენ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ჩონჩხია: როდესაც გეოსტრატეგიულ ლანდშაფტს შეხედავ, დაინახავ, რომ იგი თურქეთიდან მოდის, საქართველოდან მიდის კასპიის ზღვის მიმართულებით.

მათ [დეზინფორმაციის ავტორებს–რედ.] სურთ, ეჭვის შექმნა. 2021წელში ვიმყოფებით! ყარსის ხელშეკრულება არ შეწყდება, ბათუმის უკან დაბრუნებას არ მოვითხოვთ, სამცხე–ჯავახეთში სამხედრო ძალებს არ გავაგზავნით – ეს ღიად შემიძლია, გითხრათ. გვინდა, ადამიანები მსგავს ახალ ამბებს კრიტიკული კითხვებით კითხულობდნენ და უსმენდნენ. ეს მოდის გარედან, მაგრამ პოულობენ სასარგებლო მასალებს შიგნით. გვჭირდება მედეგობა ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გახლავთ ისეთი რამ, რის იგნორირებასაც მოვახდენთ“.

6–წევროვანი კავშირი

ამ კონტაქტში ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„კონფლიქტების მოგვარება გახლავთ საკითხები, რომელშიც სხვადასხვა მონაწილეები არიან ჩართულნი. თურქეთი არ გახლავთ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩართული, რომელსაც საქართველო სხვა პარტნიორებთან ერთად ახორციელებს – ევროკავშირთან, გაერო–სთან და ეუთო–თან ერთად, მაგრამ თურქეთი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. თურქეთი საქართველო თანხმდებიან, რომ რეგიონში საჭიროა სტაბილურობა, დიალოგი და ოკუპაციის დასასრული. კონფლიქტები, რომელსაც საქართველო აწყდება, უსაფრთხოების სერიოზული საფრთხეა“.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ჩართულობას 6–წევროვან კავშირში, რომელიც დღის წესრიგში კიდევ ერთხელ ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ დადგა და რომლის მიმართაც ოფიციალურ თბილისს მიუღებლობა აქვს რუსეთის ფაქტორის გამო, ელჩი ამბობს, რომ ანკარა თბილისზე ზეწოლას არ განიხილავს და აღნიშნავს იმასაც, რომ კავშირის თაობაზე ინიციატივა თურქეთს არ ეკუთვნის.

„არსებობს იდეა 3+3 რეგიონული საკითხებში თანამშრომლობისთვის. ეს შეიძლება, იყოს თანამშრომლობა, კონფლიქტების მოგვარება, მაგრამ თუ საქართველო აცხადებს, რომ მას ამ პლატფორმაში მონაწილეობა ეხამუშება, ეს შეშფოთება ჩვენ გვესმის. ჩვენს ურთიერთობაში არ გახლავთ პარამეტრი, რომ საქართველოზე ზემოქმედება მოვახდინოთ, რათა საქართველომ რაიმე გააკეთოს და ეს ნათლადაა გაცხადებული ანკარაში მინისტრ ზალკალიანის ვიზიტის დროს, როდესაც გახსნილი საუბარი ჰქონდათ ჩემს მინისტრთან – ჩავუშოღლუსთან. ვფიქრობ, საკითხიც არ დგას, საქართველოზე ზეწოლა მოხდება თუ არა. მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ რეგიონში უნდა მივიდეთ სიტუაციამდე, სადაც უსაფრთხოების პრობლემები მოგვარებული იქნება და კონფლიქტები არ იქნება გაყინული. რადგან ისინი გაყინულები არ არიან – ზეგავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე“.

„როდესაც ალიანსის წევრი ხართ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ზოგჯერ უფრო ადვილად გვარდება. ნატო თავდაცვითი ალიანსია, იგი არაა მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ“

ელჩმა ისაუბრა ნატო–ში წევრობის გზაზე თურქეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე:

„საქართველოს სურს, გაწევრიანდეს ნატო–ში. საქართველო ნატო–ს წევრობას ხედავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებას. არის ისტორიაში გარკვეული დამთხვევები: თავის დროზე თურქეთი ნატო–ში სტალინის გამო გაწევრიანდა – აღმოსავლეთ ტერიტორიის წართმევა სურდა, ამიტომაც შევედით ნატო–ში და თქვენ იცით ალიანსის ღირებულება – ნატო ცივი ომის დროს თავის მიზნებს ძალიან კარგად ემსახურებოდა. თუ საქართველოს სურვილი აქვს, ალიანსში გაწევრიანდეს, რომლის წევრიც გახლავთ თურქეთი, როგორც კარგი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ამას. ჩვენი სამხედრო წვრთნები ყოველთვის ემსახურებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებას და ზოგადად, უსაფრთხოებას. როდესაც ალიანსის წევრი ხართ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ზოგჯერ უფრო ადვილად გვარდება, მაგრამ მეორეს მხრივ, ნატო თავდაცვითი ალიანსია, იგი არაა მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ!“

რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები და შიში საქართველოში

„რუსეთი ჩვენი პარტნიორია, ბიზნესს ვაწარმოებთ რუსეთთან. რუსეთი იცნობს თურქეთს, თურქეთი – რუსეთს, მაგრამ საქართველო რუსეთს უკეთესად იცნობს, ვიდრე თურქეთი – ეს ცოდნისა და მენტალობის საკითხებია. ცივი ომის დროს რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული, მაგრამ თურქეთის მძიმე მრეწველობა, როგორიც არის რკინა და ფოლადი, საბჭოთა კავშირის მიერაა შექმნილი. ყოველთვის არსებობდა ურთიერთობები. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებს ვავითარებთ, მაგრამ რუსეთს არ გააჩნია უფლება, რაიმე განცხადებები აკეთოს და არ აქვს ხმის უფლება, თუ როგორ ვაწარმოებთ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. სუვერენობა სწორედ ეს გახლავთ. ჩვენ რუსეთთან გვაქვს თანხვედრა და ინტერესების აცდენაც, ასევეა ნატო–ს წევრებთან: როდესაც დააკვირდებით ნატო–ს და ევროკავშირის წევრებს, მათაც საკუთარი ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთთან“.

როგორც ელჩი აღნიშნავს, თურქეთი და რუსეთი კარგი პარტნიორები არიან და ამან არავინ უნდა შეაწუხოს არც საქართველოში და არც სხვაგან:

„თქვენთან რუსი ტურისტები ჩამოდიან და როდესაც მეგობრებს ველაპარაკები, ისინი ამბობენ, „ჩვენ არ გვჭირდებიან ისინი როგორც ოკუპანტები, ჩამოვიდნენ როგორც ტურისტები“. ჩვენ ურთიერთობები ისე უნდა ვმართოთ, რომ ყველა ქვეყანამ დღის ბოლოს დაინახოს, რომ გამყარებული კონფლიქტი არ გახლავთ პოლიტიკა. შევხედოთ, რა ხდება მთიან ყარაბაღში – 27 წელი იყო ოკუპირებული. ოკუპანტი ამბობდა, რომ „დრო მის სასარგებლოდ მუშაობდა“. ასეთი გამყარებული კონფლიქტი არ გახლავთ გზა სტაბილურობის მიღწევისა, ეს გახლავთ ილუზია. რეგიონში ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს გაგება, რომ აღნიშნული კონფლიქტების მართვა არ გახლავთ კონფლიქტების მოგვარება“.

ელჩმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მხრიდან სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულება მისასალმებელია, რადგან ომი გამანადგურებელია.

შავი ზღვის უსაფრთხოება

„შავი ზღვა ყოველთვის იყო თურქეთის უსაფრთხოების დოქტრინის ცენტრში. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას. ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და იგივე ეხება აფხაზეთს. შავი ზღვის კონტექსტში პრობლემა არა ზღვაში, არამედ ზღვის გარშემო – ხმელეთზეა. ზღვა დახურულია, იგი თურქულ სრუტეებში გადის, რომელიც მონტროს კონვენციის შესაბამისად ფუნქციონირებს. თურქეთი ამ კონვენციის შესრულების გარანტორი გახლავთ და ამას ძალიან ყურადღებით ვაკეთებთ. ჩვენ ზღვაზე კონფლიქტები არ გვსურს. ნებისმიერს ესკალაცია შავ ზღვაზე, პირდაპირი ზეგავლენა ექნება ყველა სანაპირო ქვეყანაზე რუსეთის ჩათვლით“,– განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „მონტროს კონვენციას ყავლი არ გასვლია – ის აღსრულებადია და სრულდება. ეს სამართლიანი თამაშია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები