შსს აცხადებს, რომ პოზნერმა და მისმა 31 სტუმარმა ჯარიმა გადაიხადეს და დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს
01/04/2021 10:37:08 სამართალი
საქართვეოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა 31 სტუმარმა ჯარიმა გადაიხადეს. უწყება პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს.
„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ, საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.
მოსკოვში ჩასულმა პოზნერმა რუსულ მედიას განუცხადა: "არც ერთი ჩვენგანი თბილისში არ დაუჯარიმებიათ"


