
აფხაზური ოპოზიცია პოზნერს სოხუმში იწვევს
01/04/2021 11:30:08 კონფლიქტები
აფხაზური ოპოზიციური «სახალხო მოძრაობა" თბილისიდან გაძევებულ ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერს სოხუმში იწვევს. ამასთან, პრორუსული რევანშისტული ოპოზიცია ცდილობს, თბილისური ინციდენტი კრემლის იმ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული გზავნილის საბაბად გამოიყენოს, თითქოს "საქართველო სრულიად დაშორდა თავის სახელგანთქმულ სტუმართმოყვარეობას, ზოგადად კავკასიურ ტრადიციებს და უკვე ძალიან შორსაა წასული კავკასიელებისთვის სრულიად უცხო დასავლური ფასეულობებისაკენ".
როგორც დღეს მოძრაობის ლიდერმა - ყოფილმა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა არდგურ არძინბამ განაცხადა, ის, რაც პოზნერს თბილისში შეემთხვა, "ამის კიდევ ერთი დასტურია".
"ჭეშმარიტი კავკასიელი შინ მოსისხლე მტერსაც კი არ შეეხება, აფხაზეთის აღმოსავლელმა მეზობელმა კი დიდი ხანია, გადაწყვიტა უარის თქმა საკუთარ იდენტობაზე , კულტურაზე, ტრადიციებზე და კიდე ერთხელ - უკვე მერამდენედ "გამოიჩინა თავი». ჩვენ - აფხაზები მზად ვართ, პოზნერს ჭეშმრიტი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა ვუჩვენოთ" - დასძინა მან.
ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.