Accentnews.ge
"ოპოზიციამ, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკური ძალამ, უნდა თქვას, რომ შედის პარლამენტში"

"ოპოზიციამ, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკური ძალამ, უნდა თქვას, რომ შედის პარლამენტში"

02/04/2021 11:33:17 პოლიტიკა

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების განცხადება წარმოადგენს განგაშის სიგნალს, რომელსაც სწრაფი და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

მისი თქმით, ეს არის მკაცრი გაფრთხილება მოსალოდნელი ზომების შესახებ არა რომელიმე ცალკე აღებული პირის ან ჯგუფის, არამედ მთლიანად ქვეყნის მიმართ.

“ამ ეტაპზე ლაპარაკია ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებისა და მისი მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების შეჩერების თაობაზე. ასეთი ზომების მიღების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დაკარგავს ევროკავშირის და მთელი დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც რუსეთის წინაშე ერთი-ერთზე დარჩენის საფრთხეს გვიქმნის და, რაც არანაკლებ სავალალო იქნება, ბოლომდე გაანადგურებს ისედაც დაქცეულ ეკონომიკას. შედეგად, დაისჯება ქვეყანა და მისი ისედაც გაღატაკებული ხალხი.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნებოდა ოპოზიციის მიმართ აგრესიული რიტორიკის შერბილება, პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების მიმართ ფართო ამნისტიის გამოცემა და, იდეალურ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. თუმცა, ასეთი ზომების მიღებას ხელისუფლებისგან მე, პირადად, არ მოველი. ძალიან მინდა ვცდებოდე.

რაც შეეხება ოპოზიციას, მას მართებს სრული სიცხადით გააზრება იმისა, რომ ევროპარლამენტარებმა აშკარა უკმაყოფილება (და სადღაც ბრაზიც კი) მისი მისამართითაც გამოხატეს. განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არშემდგარ შეთანხმებაში ბრალი მიუძღვით, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის ხელისუფლებაა და ა.შ., არაფერს ცვლის. აქედან გამომდინარე, განურჩევლად იმისა, შეცვლის თუ არა თავის ქცევაში რაიმეს ხელისუფლება, ოპოზიციამ უნდა განაცხადოს, რომ როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, ის შედის პარლამენტში და იწყებს მუშაობას ამნისტიის კანონზე და ფუნდამენტურ რეფორმებზე", – წერს ბარამიძე.

მისი შეფასებით,

  • პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას – ამას ოპოზიციისგან არც დანიელსონის ტექსტი მოითხოვდა;
  • პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე უარის თქმას;
  • პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს აქამდე გამოცხადებული ბოიკოტის ლეგიტიმურობაზე უარის თქმას – ბოიკოტმა თავისი ფუნქცია შეასრულა, საქართველომ მიიპყრო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ცუდად ჩატარებული არჩევნების გამო;
  • პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ქუჩის პროტესტისა და შეკრებების ფუნდამენტურ უფლებაზე უარის თქმას;
  • პარლამენტში შესვლა ნიშნავს ოპოზიციის ღია განაცხადს, რომ იგი ანგარიშს უწევს შექმნილ საშიშ ვითარებას, გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას და მზად არის, სიტუაციის ნორმალიზების მიზნით, ცალმხრივად მიიღოს განსხვავებული, არასტანდარტული გადაწყვეტილებები;
  • პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ ოპოზიცია თავად შეიმუშავებს და დღის წესრიგში თავად დააყენებს ისეთ საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებიც რეალურად არის საჭირო საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემების დემოკრატიის პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად – ამის ხელისუფლებისათვის მიტოვება იმის საწინდარია, რომ ხელისუფლება ზერელე და არაეფექტიან საკანონმდებლო ცვლილებების მიიღებს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე მათ რეალურ რეფორმებად გაასაღებს;
  • პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ ოპოზიცია თავად შეიმუშავებს ამნისტიის კანონს – მიმდინარე კრიზისის პირობებში ხელისუფლებას გაუჭირდება ისეთ მნიშვნელოვან პუნქტზე უარის თქმა, რომელიც დანიელსონის ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

"ყოველივე ამით ოპოზიცია მხოლოდ ამაღლდება თავისი ამომრჩევლის, მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში”, – წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: როგორ აღიქვამენ ევროპარლამენტარების განცხადებას "ოცნებასა" და ოპოზიციაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S