Accentnews.ge
„ორივე მხარე კარგად უნდა დაფიქრდეს, რამდენად შედის ეს ჩვენს ინტერესებში“ – გზავნილი ბრიუსელიდან და საქართველოს პერსპექტივა

„ორივე მხარე კარგად უნდა დაფიქრდეს, რამდენად შედის ეს ჩვენს ინტერესებში“ – გზავნილი ბრიუსელიდან და საქართველოს პერსპექტივა

02/04/2021 17:47:24 პოლიტიკა, ანალიზი

გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, მაგრამ ეს სერიოზული სიგნალია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს,– ასე აფასებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერი, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია, მათ შორის, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას სერიოზული გზავნილებით.

როგორც კაკაჩია „აქცენტთან“ განმარტავს, მართალია, განცხადებაში შემოთავაზებული პერსპექტივა ჯერ უშუალოდ ევროკავშირის პოზიცია არაა, მაგრამ არც იმგვარადაა საქმე, როგორც ამის შემოთავაზებას „ქართული ოცნება“ ცდილობს განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარების რაოდენობაზე აქცენტირებით:

„სწორედ ეს ხალხი მუშაობს ზოგადად, სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს მიმართულებით, ისინი ქმნიან ამინდს, მათ ეკითხებიან აზრს. ამდენად, პოზიციონირება, რომ ეს ადამიანთა მცირე ჯგუფია, მცდარია! მსგავსმა მიდგომამ შესაძლოა, არასასურველ სცენარებამდე მიიყვანოს საქართველოს ხელისუფლება, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ სწორად გაიგეს გზავნილი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპარლამენტარებმა აღნიშნული განცხადება დანიელსონთან [ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის – რედ.] შეხვედრის შემდეგ გააკეთეს“.

კაკაჩიას დაკვირვებით, განცხადების მიზანია, გამოაფხიზლონ პოლიტიკური ელიტა, მათ შორის, სახელისუფლებო გუნდი, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე არ მომხდარა საქართველოს საკითხით გადაღლა და კიდევ მეტად არ გართულდა ქვეყანაში ვითარება, გადახედონ თავიანთ შეხედულებებს და მიიღონ გადაწყვეტილება:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, საუბარია ეკონომიკური დახმარების გადახედვაზე. დასახელებულია 60 მილიონი ევრო. ამ თანხის დაკარგვა ან შეყოვნება, მით უფრო პანდემიის, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, აბსოლუტურად მიუღებელია!“.

ამ კონტექსტში კი სახელისუფლებო გუნდის პოზიციონირება, რომელიც მეტწილად სავარაუდოდ, შიდა აუდიტორიაზე უნდა იყოს გათვლილი, გაუგებარია კორნელი კაკაჩიასთვის და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ სერიოზულად არ აღიქვეს გზავნილები, განიხილავენ რა მას პერსონალურ მოსაზრებად:

„ალბათ, იმედი აქვთ, რომ ეს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის მოსაზრებაა და შემდეგ, მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდნარე, ყველას მიავიწყდება. ხელისუფლება ამ რეალობაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს: ინარჩუნებს ხელისუფლებას, ახალ არჩევნებს არ ნიშნავს, არ მიდის დათმობებზე ოპოზიციასთან... ამდენად, მოცემულობა აწყობს და იმედი აქვს, ზეწოლა არ იქნება: თუ შევადარებთ იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს, დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო ყველაზე „მაჩანჩალა“ არაა. ამ ფონზე, საქართველოსთვის სანქციების დაწესება, მგონია, რომ აბსოლუტურად მიუღებელი, ალოგიკური იქნება. ამას თავადაც გრძნობენ. ოპოზიციაშიც საუბრობდნენ, რომ ევროკავშირის მედიაცია არ იყო მაინც და მაინც სასურველი, რადგან მას არ აქვს „ბრჭყალები“ და სჯობდა, პროცესში აშშ ჩართულიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეც არ ყოფილა – დავინახეთ, რომ ევროკავშირმა „კლანჭი“ გამოაჩინა. ამდენად, პრობლემა არა მედიატორში, მხარეებშია: პრობლემა ლოკალურად უნდა გადაწყდეს, ხოლო მედიატორის ფუნქციაა, პროცესს შეუწყოს ხელი. გადაწყვეტილებას ისინი ვერ მიიღებენ, მით უფრო, ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევისა და სურვილის არარსებობის პირობებში. ვფიქრობ, ხელისუფლებას ესმის, რომ საქმე სერიოზულადაა და დიპლომატიური არხებით ცდილობს დუღილის ტემპერატურის დაწევას“.

კორნელი კაკაჩია არა კონკრეტული პარტიების, არამედ პროცესების გამო ქვეყნის, შესაბამისად, თითოეული მოქალაქის რისკზე და პოტენციურ ზიანზე ამახვილებს ყურადღებას და არ გამორიცხავს, რომ კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, ევროკავშირის კვალდაკვალ მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე აშშ–ის კონგრესშიც ვიხილოთ:

„ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე – როგორ გაიაზრებენ გზავნილებს პოლიტიკური აქტორები, განსაკურებით, ხელისუფლება: სწორედ მისგან ელიან რეაგირებას. ალბათ, გარკვეული პაუზა იქნება, რათა მხარეებს დაფიქრების შესაძლებლობა მისცენ. მაგრამ თუ ხელისუფლება ოპოზიციასთან ერთად კვლავ გააგრძელებს ჯიუტობას, არ გამოამჟღავნებს კრიზისიდან გამოსვლის სურვილს, ამ განცხადებას შესაძლოა, ევროპარლამენტის მხრიდან რეზოლუციაც მოჰყვეს. თუ რეზოლუციებსაც არ მიექცა ყურადღება, შესაძლოა, მართლა შეწყდეს კონკრეტული ფინანსური დახმარება და გადახედონ საქართველოსთან დაკავშირებულ სხვა დახმარებებსაც! რაც მთავარია, იყო მინიშნება, რომ კეთილგანწყობილი გარემოს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს (როგორც მთავრობიდან, ისე ოპოზიციიდან) ბრიუსელში ჰქონდათ, ვერ ეღირსებიან. აქ კი ორივე მხარე კარგად უნდა დაფიქრდეს, რამდენად შედის ეს ჩვენს ინტერესებში“.

მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში კი პოლიტიკის მეცნიერი საქართველოსთვის სასიკეთო პერსპექტივას ვერ ხედავს, თუმცა იტოვებს იმედს, რომ პოლიტიკური აქტორები გონიერების სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს:

„თუ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაცივდა ურთიერთობები, არა თუ განაცხადის გაკეთება [ევროკავშირის წევრობაზე – რედ.], 2024–მდე როგორ მივალთ, ეს იქნება გასარკვევი: პოლიტიკურ კრიზისს ემატება სოციალურ–ეკონომიკური კრიზისი, სერიოზული დონორის დაკარგვა ევროკავშირის სახით, უსაფრთხოების გარემო – ჩვენ არ ვართ ევროკავშირის და ნატო–ს წევრები და დღეს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისო მხარდაჭერა იცავს, მათ შორის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების. თუ მათგან მხარდაჭერა არ გვექნება, გამოდის, რომ რუსეთს ხელს ვუხსნით მოქმედებისკენ. არც მინდა, ვიფიქრო, რომ ამ სცენარებისკენ წავა საქართველო. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მოვეგებით გონს და ამაში პოლიტიკურ აქტორებს ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი – სამოქალაქო საზოგადოებამ, აკადემიურმა წრეებმა, მედიამ, რათა მათ გააკეთონ ის, რაც საზოგადოების უმრავლესობას სურს. ამის მკაფიო მაგალითია საზოგადოებრივი კვლევების უკანასკნელი შედეგები: გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, პოლიტიკურმა ცხოვრებამ ინსტიტუციურ ჩარჩოში გადაინაცვლოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ეს არ მოხდა, შესაძლოა, პოლიტიკოსებსა და ამომრჩეველს შორის არსებული ბზარი გაღრმავდეს და მოქალაქეებმა ტრადიციული პოლიტიკური პარტიების დასჯა გადაწყვიტონ“.

ამ კონტექსტში კაკაჩია აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებს და მასში დონალდ ტრამპის გამარჯვებას იხსენებს: მოქალაქეებმა მათ შორის, იმ მიზნითაც, რომ დაესაჯათ პოლიტიკური აქტორები, მხარი პოპულისტ პოლიტიკოს დაუჭირეს:

„ამაზე უნდა იფიქრონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა“,– დასძენს კაკაჩია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S