
ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან დონბასში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა
07/04/2021 14:37:15 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე წერს, რომ დონბასში არსებული მწვავე ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებს ესაუბრა.
"მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგა დმიტრო კულებასთან. გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბოლო დროინდელი მოვლენების გამო. გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში რუსული ოკუპაციის ფონზე არსებული ვითარების შესახებ და გავამახვილეთ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე",– წერს საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი.
მანამდე ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა უკრაინაში კრემლის სახიფათო ნაბიჯების შესახებ ქართული მხარის დუმილის გამო გაკვირვება გამოხატა.
"როდესაც 2008 წელს საქართველოში შეიჭრნენ, მე არა მხოლოდ ხმა ავიმაღლე, არამედ ჩავფრინდი ადგილზე, ცხელი საომარი კონფლიქტის დროს. მეც გაკვირვებული ვარ. რატომ გგონიათ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა თქვენ მიმართ რუსულ ოკუპაციას დაგმობს, თუ თავად თვალსაც არ ახამხამებ, როცა მეზობელს ემუქრებიან", - დაწერა ილვესმა Twitter-ზე.
უკრაინაში, დონბასში ვითარება დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
გუშინ რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო გაერთიანებებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება დაიწყო, რაც საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველების მხრიდან სამხედრო კონფლიქტის საფრთხის გამწვავებად შეფასდა.
კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება".
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".