ევროკავშირმა საქართველოს შეახსენა, რომ უზენაესის საკითხზე რეკომენდაციების გათვალისწინება, ფინანსური დახმარების ერთ-ერთი პირობაა

08-04-2021 09:20:56 საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირი მიესალმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ინიციატივას, თუმცა იმედგაცრუებულია პარლამენტის მიერ ამ ცვლილებების ნაჩქარევად, ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე მიღების გამო. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს–სპიკერის განცხადებაში.

"1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც განხილულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და მოქმედი წესების გამო.

მიუხედავად იმისა, ევროკავშირი მიესალმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ინიციატივას, იმედგაცრუებულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ უკვე შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში ნაჩქარევად, "ვენეციის კომისიის" საბოლოო დასკვნის გარეშე.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირის მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად ითხოვოს "ვენეციის კომისიის" შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზენაესის სასამართლო – უმაღლესი სასამართლო ინსტანცია – უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა "ვენეციის კომისიის" რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის განკუთვნილი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 86 ხმით დაამტკიცა “საერთო სასამართლოების შესახებ” და თანმდევ კანონებში ცვლილებათა პაკეტი. ცვლილებების თანახმად, საჯარო ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები. იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი და ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით. პარლამენტს წარედგინება მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა კანდიდატს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები