Accentnews.ge
თალაკვაძის თქმით, სასამართლოებზე უკვე მიღებულ კანონს "ვენეციის კომისიას" გაუგზავნიან

თალაკვაძის თქმით, სასამართლოებზე უკვე მიღებულ კანონს "ვენეციის კომისიას" გაუგზავნიან

08/04/2021 13:00:44 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მზად არიან, "საერთო სასამართლოების შესახებ" პირველ აპრილს დამტკიცებული კანონი საბოლოო რევიზიისთვის "ვენეციის კომისიას" გაუგზავნონ.

"კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა უმარტივესი დასადგენია, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნო", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

თალაკვაძე განმარტავს, რომ ერთი კვირის წინ მიღებული ცვლილებებით კანონში აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით:

"1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად აისახა ორგანულ კანონში. კერძოდ, ახალი ნორმების თანახმად, მყისიერად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ყველა შეფასება და გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, საბჭოს შესაბამისი წევრების ვინაობის მითითებით;

2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა. ახალი ნორმების თანახმად, კანდიდატმა განმეორებით შეიძლება გაასაჩივროს, როგორც საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულები, ისე საბოლოო გადაწყვეტილება წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციაც ზედმიწევნით არის გათვალისწინებული;

3. ბოლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მკაცრად უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მიღებულ ქულებს. ორგანულ კანონში აღნიშნული რეკომენდაციაც სრულად აისახა. კერძოდ, ახალი ნორმები პროცედურის ყველა ეტაპზე სრულად გამორიცხავს უპირატესობის მინიჭებას შედარებით დაბალქულიანი კანდიდატისთვის შედარებით მაღალქულიან კანდიდატთან მიმართებით".

ცნობისთვის: გუშინ ევროკავშირმა საქართველოს შეახსენა, რომ უზენაესის საკითხზე რეკომენდაციების გათვალისწინება ფინანსური დახმარების ერთ-ერთი პირობაა. 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 86 ხმით დაამტკიცა “საერთო სასამართლოების შესახებ” და თანმდევ კანონებში ცვლილებათა პაკეტი. ცვლილებების თანახმად, საჯარო ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები. იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი და ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით. პარლამენტს წარედგინება მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა კანდიდატს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S