
რატომ არ უნდა დავსვათ ტოლობის ნიშანი თურქეთსა და რუსეთს შორის
12/04/2021 14:46:06 ანალიზი
მიუხედავად იმისა, რომ „რიონის ხეობის მცველები“ ცალსახად გაემიჯნნენ პროტესტისას რიგი პირების მიერ გაჟღერებულ ქსენოფობიურ განცხადებებს, განმარტეს, რომ მათ პრეტენზიები არა ნამოხვან ჰესის მშენებელ კომპანიასთან ან ჰესებთან, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან, არამედ ხელისუფლებასთან აქვთ და გეგმავენ დიპლომატებთან ინფორმირების მიზნით კომუნიკაციას, რიგი ჯგუფები პროტესტის მაინც ეთნო–რელიგიური კუთხით წარმოჩენას, საზოგადოებაში ანტითურქული განწყობების გაღვივებას ცდილობენ. პროცესში აქტიურად ჩაერთნენ რუსული მედიასაშუალებებიც ძირითადი ფოკუსით, რომ სადღეისოდ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე სწორედ თურქეთია: „ნეო-ოსმალიზმის იდეოლოგიასა და ერდოღანის საგარეო პოლიტიკაზე დაყრდნობით, რაც გამოიხატება პანთურქიზმში, თურქულ სალაფიზმსა და სხვა გამოწვევებში, საქართველოს სუვერენიტეტის და რეგიონის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს თურქეთია“; „თურქეთმა ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს რკინიგზითა და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტებით მიიბა საქართველო და ამჟამად ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ექსპანსიას ახორციელებს“ – სწორედ მსგავს ხაზს ვაწყდებით რუსული მედიასაშუალებების პუბლიკაციებში, აქცენტი კი კეთდება ისტორიულ წარსულზე; ქართულ კულტურულ ძეგლებზე, რომელთაც თურმე თურქეთში შეგნებულად ანადგურებენ; განსხვავებულ რელიგიურ მრწამსზე; აჭარის რეგიონის მიტაცების მცდელობაზე; მაგრამ არა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევაზე – რუსულ ოკუპაციაზე და თანმდევ ადამიანურ ტრაგედიებზე: საოკუპაციო ხაზთან შიშში მცხოვრებ ადამიანებზე, მავთულხლართებით გაყოფილ ოჯახებზე, გატაცებულ, ნაწამებ მოქალაქეებზე და დაუსჯელ მკვლელებზე, არც იმაზე, რომ ერთადერთი მეზობელი, რომელთანაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილი აქვს, სწორედ მეზობელი თურქეთია.
მსგავსი ნარატივები შეუმჩნეველი არც საქართველოში თურქეთის ელჩს დარჩა და როგორც თავად ამბობს, საკითხის მოკვლევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ „მსგავსი სიბეცე და აშკარა ტყუილი როდესაც დღის წესრიგში დგება, ეს არა საქართველოდან, არამედ საქართველოს გარედან მოდის“.
„ვეცადე, მიმეკვლია ვებ–გვერდებისთვის. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ესენი გახლავან ჯგუფები საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ამის პედალირებას ახდენენ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ჩონჩხია: როდესაც გეოსტრატეგიულ ლანდშაფტს შეხედავ, დაინახავ, რომ იგი თურქეთიდან მოდის, საქართველოდან მიდის კასპიის ზღვის მიმართულებით.
მათ [დეზინფორმაციის ავტორებს–რედ.] სურთ, ეჭვის შექმნა. 2021 წელში ვიმყოფებით! ყარსის ხელშეკრულება არ შეწყდება, ბათუმის უკან დაბრუნებას არ მოვითხოვთ, სამცხე–ჯავახეთში სამხედრო ძალებს არ გავაგზავნით – ეს ღიად შემიძლია, გითხრათ. გვინდა, ადამიანები მსგავს ახალ ამბებს კრიტიკული კითხვებით კითხულობდნენ და უსმენდნენ. ეს მოდის გარედან, მაგრამ პოულობენ სასარგებლო მასალებს შიგნით. გვჭირდება მედეგობა ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გახლავთ ისეთი რამ, რის იგნორირებასაც მოვახდენთ“,– განაცხადა თემის კომენტირებისას საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა.
„ეს არახალია: რუსეთი დიდი ხანია, მსგავსი ნარატივების საზოგადოებაში დამკვიდრებას ცდილობს“,– ამბობს „აქცენტთან“ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი და იქვე დასძენს, რომ „რუსეთს ჰყავს ორგანიზებული ჯგუფები, მათ შორის, საქართველოში, რომლებიც იგივე მედიასაშუალებებში, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ დეზინფორმაციას და ძირითადი მიზანი რუსეთსა და თურქეთს შორის ტოლობის დასმაა, რაც წარმოუდგენელია: საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული და იგი დღესაც ეწევა ოკუპაციას, გამოყრილი ჰყავს მოსახლეობა, სჩადის ყველა სახის დანაშაულს“.
ამ კონტექსტში ბატიაშვილი იხსენებს ყარსის ხელშეკრულების ირგვლივ აზვირთებულ პროპაგანდისტულ კამპანიასაც, რომ თითქოს ხელშეკრულებას 100 წელი უსრულდება, ვადა გასდის და რომ „თურქეთი მიიტაცებს აჭარას“:
„გავიდა ასი წელი, მაგრამ ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია. რატომ? ვინც ხელშეკრულებაში ჩაიხედავს, ნახავს, რომ მას ვადა არ აქვს, მაგრამ ამ და მსგავსი თემებით მუდმივად სპეკულირებენ რუსები და რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები. ანალოგიური განწყობების გაღვივებას ცდილობდნენ აზერბაიჯანის შემთხვევაში დავით–გარეჯის კონტექსტშიც“:
ბატიაშვილი მიზნებს შორის შესაძლებლობების ფარგლებში ანტიდასავლური გრძნობების გაღვივებასაც განიხილავს:
„თუ ერთ დღეს საქართველო ნატო–ს წევრი გახდება, პირველი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უნდა დაეხმაროს, მეზობელი თურქეთია, რადგან უშუალო სამეზობლოში ნატო–ს წევრი სხვა ქვეყანა არ გვყავს. ამიტომ, ეს ნარატივი დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართულიცაა. დღეს თურქეთი ჩვენი გზაა დასავლეთისკენ, #1 სავაჭრო პარტნიორია, გვაქვს ერთობლივი პროექტები, საიდანაც ჩვენს ბიუჯეტში სოლიდური თანხები შემოდის, ჩვენი ათასობით მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს თურქეთში. ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს თურქეთთან და ამის გაფუჭება სურთ. ზოგადად, ყველა მეზობელთან, თუ მას შენს მიმართ აგრესიული პოლიტიკა არ აქვს, უნდა გსურდეს ნორმალური ურთიერთობების ქონა. მეზობლებს ვერ ირჩევენ, გეოგრაფიას ვერ შევცვლით, ამიტომ, ამ სამეზობლოში უნდა ვიცხოვროთ და ვითანამშრომლოთ მეზობლებთან. რაც შეეხება სტრატეგიული პროექტების იმგვარად შემოთავაზებას, თითქოს რკინიგზა და ნავთობსადენი ჩვენს ინტერესებში არ შედის და გვაიძულეს, უკაცრავად, ეს პროექტები საქართველოს მოქალაქეების შემოსავლის წყაროა. ზოგ ჯერ იმგვარ აბსურდამდე მიდის რუსული ნარატივი, მასზე საუბარიც კი რთულია. აქ სამწუხარო ისაა, რომ ქვეყანაში განათლების დონის პრობლემაა და სწორედ ამით სარგებლობენ როგორც რუსული, ისე პრორუსული ძალები. სამწუხაროდ, არც წინას და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას ბევრი არაფერი გაუკეთებია განათლების სისტემის ძირეული რეფორმირებისთვის. ამიტომ, მსგავსი, ზოგჯერ აბსურდამდე მისული ნარატივები მომავალშიც გვექნება და სამწუხაროდ, მხარდამჭერებიც ეყოლება“.
რაც შეეხება ისტორიულ წარსულსა და კულტურული ძეგლების განადგურების მცდელობას, როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, ძეგლების კუთვნილებას სადავოს არავინ ხდის, მეტიც, ამჟამად რესტავრაცია მიმდინარეობს:
„იშხნის [შუა საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს ტაოში–რედ.] რესტავრაცია დასრულდა და ახლა ოშკის [მე–10 საუკუნის ქართული სამონასტრო ცენტრი. მდებარეობს ტაოში – რედ.] რესტავრაცია მიმდინარეობს. რესტავრაციას თურქეთის ხელისუფლება ახორციელებს და მასში კონსულტაციების დონეზე ქართველი სპეციალისტებიც არიან ჩართულები. მათ თურქული მხარე ქართულ კულტურულ ძეგლებად აღიარებს, უფრთხილდებიან. ეს ძეგლები რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ისტორიულ წარსულს, აქ საინტერესოა, სად და ვისთან იხსენებ: ბუნებრივია, ისტორიკოსი მსჯელობს, მაგრამ საქართველოში გვახსოვს მიტინგები „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ ძახილით და ისიც გვახსოვს, ვნახეთ ამან სადამდე მიგვიყვანა! რეალისტები უნდა ვიყოთ, საერთაშორისო წესებს, საზღვრებს, ცივილიზებულობას პატივი უნდა ვცეთ და ჩვენც მისი ნაწილი უნდა ვიყოთ. სამწუხაროა, რომ ხშირად თავად ხელისუფლებაა პირდაპირ თუ ირიბად წამქეზებელი ჯგუფების, რომლებიც მსგავსი ნარატივის გავრცელებაში არიან შემჩნეულნი“.
პოლიტიკური ექსპანსიის თემაზე საუბრის თეორიულ საფუძველსაც ვერ ხედავს პროფესორი:
„პროთურქული პარტია მაინც რომ არსებობდეს, ამაზე თეორიულად მაინც შესაძლებელი იქნებოდა მსჯელობა, მაგრამ თეორიული საფუძველიც არ არსებობს. აი, პრორუსული ჯგუფები კი ქვეყანაში მრავლადაა, რომლებიც პატრიოტული გრძნობების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ“.