
რა ხდება გარეჯში – შსს განცხადებას ავრცელებს
15/07/2019 05:38:12 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
შსს მოუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მისცენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.
უწყების განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის, თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.
„მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნავენ უწყებაში და დასძენენ, რომ მომხდარის შესწავლა უკვე დაწყებულია.
ცნობისთვის: სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვითარება დავით–გარეჯში დაიძაბა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სენაკების მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
გავრცელებული ცნობით, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს გზავნილით, რომ უდაბნოს სენაკები აღარაა საქართველოს საკუთრება. სწორედ ამას მოჰყვა ადგილობრივთა პროტესტი.
გიდები საგარეო საქმეთა სამინისტროში გეგმავენ შეხვედრის გამართვას, შემდეგ კი სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ.
"აზერბაიჯანი მთავრობა იწყებს ბილიკების, ინფრასტრუქტურის მოწყობას. ახლა არ იკმარეს და ჩვენი ხატები გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს. ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენი მთავრობა თვალებში ნაცარს გვაყრის. ერთადერთი რაც შეგვიძლია, დღეს ვცდით მთავრობას შევხვდეთ და მივიღოთ ღირსეული მთავრობის, ღირსეული პასუხი, რა ხდება დავით გარეჯში,"-განაცხადა რუსუდან ჯაფარიძემ.
ცნობისთვის: დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ კომისიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა ბაქოში, დაგეგმილია ექსპერტების დონეზე სეხვედრა თავად გარეჯში.
იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...