ადვოკატის თქმით, 2–ჯერ გაძევების შემდეგ ნიკა მელიას სავარაუდოდ, საკუთარ პროცესზე დასწრების ნებას აღარ მისცემენ
13/04/2021 12:26:49 სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, 2–ჯერ გაძევების შემდეგ პოლიტიკოსს სავარაუდოდ, საკუთარ პროცესზე დასწრების ნებას აღარ მისცემენ.
"ალბათ, აღარ დააბრუნებენ ნიკა მელიას. პრინციპში ეს მოსალოდნელიც არის, ვინაიდან მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესზე საკმაოდ მტკივნეულია პირველ რიგში ნინო ჩახნაშვილისთვის, პროკურორებისთვის და ზოგადად ხელისუფლებისთვის. იმიტომ, რომ ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა მისთვის ერთგვარად არის საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალება და ამიტომ ვვარაუდობ, რომ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
დღეს ნიკა მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს „ჩინჩალაძის მონა“ უწოდა, რის გამოც იგი მოსამართლემ პროცესიდან გააძევა. მელია სასამართლო პროცესიდან გაძევებული მანამდეც იყო, თუმცა 8 აპრილს მისმა ადვოკატებმა პროცესში მისი დაშვების შუამდგომლობა დააყეენეს, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა და მელია დღეს, 13 აპრილს, პროცესს დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.


