19 აპრილიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინი უქმდება

14-04-2021 14:02:12 საზოგადოება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება; კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მაშელებმა მდინარე ენგურიდან ოთხი ცხედარი ამოასვენეს. გარდაცვლილები ოკუპირებული გალის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ენგურის გადმოცურვით ცდილობდნენ.

5–დღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვდნენ გალის მკვიდრები და განმარტავდნენ, რომ რეგულაცია მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს, ვინაიდან ხშირად მხოლოდ ორიოდე დღით ესაჭიროებათ სხვადასხვა საჭიროებებისთვის ზუგდიდში გადმოსვლა. ამ მოთხოვნით ქვეყანაში რამდენიმე აქცია გაიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები