„ადამიანები ქართულ და აფხაზურ წნეხში ცხოვრობენ!“ – რას ემსხვერპლნენ საქართველოს მოქალაქეები?

07-04-2021 14:07:00 კონფლიქტები

დღეს მდინარე ენგურიდან მაშველებმა სამი პირის ცხედარი გადმოიყვანეს. დადასტურებული ინფორმაციით, 40 წლის მაყვალა გამისონია, 35 წლის თამუნა ცატავა და 62 წლის თამაზ ბასლანიძე ოკუპირებული გალის მკვიდრები არიან, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შუაღამისას ენგურის გადმოცურვით ცდილობდნენ. გარდაცვლილების ახლობლების ცნობით, კიდევ ერთ პირს ამ დრომდე ეძებენ. გალში ამბობენ, რომ აღნიშნული პირები ზუგდიდში ორიოდ დღით გეგმავდნენ გადმოსვლას რიგი საჭიროებებისთვის და შემდეგ შინ, კვლავ ოკუპირებულ გალში დაბრუნებას.

სამოქალაქო აქტივისტის ელისო ჯანაშიას ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარდაცვლილებს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად ოკუპანტების მხრიდან ბარიერი არ შექმნიათ:

„ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანებს გადმოსვლის უფლება ჰქონდათ აღებული. ანუ, მათი მხრიდან არა თუ ბარიერი, ამ შემთხვევაში ხელშეწყობაც კი იყო, რადგან რამდენადაც ვიცი, ორი მათგანის საბუთს ვადა ჰქონდა გასული და მაინც უშვებდნენ, მაგრამ მათ მალვით გადმოსვლა მოუწიათ იმიტომ, რომ ჩვენ ვკეტავთ 5 დღით“.

ინფორმაციისთვის: არაერთი მოთხოვნის და განმარტების მიუხედავად, თუ რა პრობლემებს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს ოფიციალური თბილისის მიერ მათთვის დაწესებული 5–დღიანი სავალდებულო კარანტინი, საკოორდინაციო საბჭომ რეგულაცია კვლავ ძალაში დატოვა. ქართველების მიერ დაწესებული შეზღუდვების გარდა პრობლემაა თავად საოკუპაციო ძალების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.

თუმცა არსებობს განსხვავებული ვერსიაც: ოკუპანტები ჯგუფს ძაღლებით დაედევნენ და გაქცევის მცდელობისას მოქალაქეები ენგურში ჩაცვივდნენ.

რატომ უწევთ მალვა გალელებს უკვე ქართველებისგან

გალის მკვიდრებისთვის ბარიერად ქცეულ 5–დღიანი კარანტინის პირობებში ოკუპაციის ურთულეს წნეხში მცხოვრებ მოქალაქეების პრობლემებზე „აქცენტი“ აქამდეც არაერთგზის წერდა.

მათ ძირითადად ზუგდიდში გადმოსვლა მოკლევადიანი (ორიოდ დღით) ვიზიტით ყოფითი მიზნებისთვის ესაჭიროებათ, იქნება ეს პენსიის აღება, მედიკამენტების, სურსათის, ჰიგიენის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა თუ სამედიცინო დახმარება. მაგალითად, ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად გადმოსულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დამსაქმებელმა მხოლოდ 2–კვირიანი ვადა მისცა უკან დასაბრუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სამსახურს დაკარგავს. ქალმა შვილთან ერთად კარანტინში ხუთი დღე დაჰყო, ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ შვილს ქირურგიული ჩარევა სჭირდება. დოკუმენტაციის მოწესრიგებას და პაციენტის საოპერაციოდ გამზადებას დასჭირდა კიდევ ოთხი დღე და მას რჩება ექვსი დღე სამსახურის შესანარჩუნებლად. ამ პერიოდში კი ოპერაცია იმედია, რომ წარმატებით ჩაივლის, გაივლის პოსტოპერაციული პერიოდიც ასევე წარმატებით და ქალი შვილთან ერთად შინ დაბრუნებას შეძლებს.

„ცხოვრება გაუსაძლისია! უწევთ ადამიანებს, გადმოვიდნენ, აიღონ საჭმლის თუ წამლის ფული და დაბრუნდნენ. კარანტინი ამ ადამიანებისთვის ჩაკეტვაა. ვერ ტოვებენ მოხუც მშობლებს, შვილებს, საქონელს. ამის გამო რისკის ფასად უწევთ ენგურზე გადმოსვლა. 5 დღე ძალიან დიდი დროა“,– ამბობს სტუდენტი გალიდან გია რიგვავა.

ცხოვრება მალვაში: რა გზის გავლა უწევთ გალელებს?

სტუდენტი გალიდან გია რიგვავა აღწერს გზას, რომელიც თავად გადმოკვეთა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად:

„ამ გზის გავლა დიდი რისკია: შესაძლოა, დაგიჭირონ და იზოლატორში ჩაგსვან. გარდა ამისა, ენგურის კალაპოტი არ არის პროგნოზირებადი და როგორც ახლა მოხდა და შესაძლოა, ადამიანი დაიხრჩოს, ამის ბევრი ფაქტი არსებობს. მე როდესაც გამოვედი, წყლის დონე უფრო დაბალი იყო და შევძელი გადმოსვლა, მაგრამ წინა დღეს მაღალი იყო. შესაძლოა, წყალმა ნებისმიერ დროს მოიმატოს, მათ შორის, ცურვის დროსაც. ეს დამოკიდებულია ენგურჰესში მიმდინარე სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მომატებული იყო და ამან გამოიწია ადამიანების დახრჩობა. გადმოსაცური ზოგ ადგილას 10 მეტრია, ზოგან უფრო ნაკლები. როდესაც წყალი გაშვებული არაა, წყალი მუხლამდე გწვდება, ხოლო როცა გაშვებულია, წყალი წელამდე და უფრო ზემოთაც იწევს“.

თუმცა ენგურის გადმოცურვით სახიფათო მგზავრობა არ სრულდება: შემდეგ ადამიანებს ტყე–ტყე, ბილიკებით, მალვით უწევთ მგზავრობის გაგრძელება.

„გარდა ურთულესი და საფრთხისშემცველი გზისა, ამას მოსდევს შიში, არ დაგიჭირონ ცალკე აფხაზებმა, ცალკე ქართველებმა და მორალური წნეხი კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიკური: ტყეში, ბუჩქებში იმალები, რომ არ დაგინახონ. ეს არ არის პირდაპირი გზა, რომ უბრალოდ გამოისეირნო“,– ყვება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

რა პასუხი აქვს თბილისს?

თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის განცხადებებით ვიმსჯელებთ, ტრაგიკულ შემთხვევაზე საკუთარ წილ პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობენ.

„საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

ეს წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკთხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში“, - აცხადებენ სუს–ში.

დაახლოებით იგივე შინაარსისაა სახელმწიფო აპარატის გამოხმაურებაც:

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურით გადმოსვლას.

პირველ რიგში, ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. საოკუპაციო ხაზი უკვე მრავალი წელია ხელოვნურად აშორებს გამყოფი ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რამაც წარსულშიც, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საუბედუროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას და რაც უკვე სამართლებრივად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის და ფორმატის გამოყენებით, განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, რათა დასრულდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და უსაფრთხო გარემო, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი გადაადგილების უფლება. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“.

აქცენტი ნარჩუნდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშიც:

„მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს.

„საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას“.

ფორმალობის მსხვერპლები

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს.

„აგრესორებს უამრავ საკითხზე აქვთ პასუხისმგებლობა: ქართული ენის აკრძალვაზე, გადაადგილების შეზღუდვაზე, საკუთრებაზე... შეუძლებელია მათი პასუხისმგებლობის განსაზღვრა, იმდენად ყოვლის მომცველია, მაგრამ რაც მოხდა, ეს სრულიად ქართული მხარის პასუხისმგებლობაა!

ამ ადამიანებს ქართულ და აფხაზურ წნეხში უწევთ ცხოვრება. აფხაზური ხომ რჩება და რჩება და მას ახლა ქართული დაემატა. ეს ადამიანები სხვადასხვა საჭიროებისთვის ზუგდიდში 1–2 დღით გადმოდიან. ჩვენები არ აპატიმრებენ, მაგრამ 5–დღიან კარანტინში უშვებენ. ვინც დიდი ხნით მოდის ნათესავებთან, ოჯახთან, მას არ აქვს პრობლემა, მაგრამ ვინც ხანმოკლე დროით გადმოდის, ისინი ჩუმად მოდიან: იქეთ აფხაზების, აქეთ ჩვენების ეშინიათ და ასეა უმრავლესობა. ყოველდღიურად ასობით ადამიანი გადმოდის და ჩვენებს უნდა ესმოდეთ, რომ თუ ჰიპოთეტურად რაიმე საფრთხე არსებობს, ეს ამგვარად არ მოიხსნება“.

ზაქარეიშვილი გამოსავალს გალიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის პისიარ–ტესტირების ხელმისაწვდომობაში ხედავს:

„ენგურის ხიდზე ჩვენი მხრიდან ლაბორატორია უნდა დადგეს. ეს არ არის პრობლემა, მით უმეტეს, რომ რუხის ჰოსპიტალი ფუნქციონირებს. ადამიანები იქ შეივლიან, გაივლიან პისიარ–ტესტირებას, ვისაც კორონავირუსი აქვს, არ გაუშვებენ, ხოლო ვისაც უარყოფითი პასუხი ექნება, რატომ უნდა აწვალონ? აბსურდულია 5–დღიანი კარანტინი, როდესაც ყველამ იცის, რომ ეს ხალხი ისედაც გადმოდის. იქ არა სახელმწიფო, არამედ ადმინისტრაციული საზღვარია და ადამიანები თავისუფლად გადმოდიან. ყველამ იცის, რომ არსებობს „ხვრელები“.ოდესღაც აფხაზები რომ კრძალავდნენ გადაადგილებას და ახლაც კრძალავენ, ჩვენ ადამიანებს ვატარებდით, მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენც ავკრძალეთ გადაადგილება, ვითარება ურთულესი გახდა.

ამ შემთხვევაში ეს ადამიანები სუფთა ფორმალობას შეეწირნენ, ყველამ კარგად იცის რა, რომ ხალხი მალვით გადმოდის, მაგრამ ვინაიდან საკოორდინაციო საბჭოს დადგენილება არსებობს, ამიტომ მას ასრულებენ, ვითომ არც არაფერი ხდება.

ძალიან ბევრი გალელი ელოდებოდა საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. მაგრამ გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოვიდა და თქვა, რომ „არაფერი შეცვლილაო“. მე და თქვენ ისე არ ვუსმენთ მათ, როგორც გალში უსმენენ და როგორც კი გაიგეს, რომ მდგომარეობა უცვლელია, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ სხვა გზა არაა, და კვლავ ამ გზით გადმოსვლა გადაწყვიტეს“.

კითხვაზე, რატომ არ ცვლის საკოორდინაციო საბჭო მიდგომას, მით უფრო, თუ გადაადგილების შესახებ ინფორმირებულია, ზაქარეიშვილს შემდეგი პასუხი აქვს:

„სრული უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტურობა, რატომ ავიტკივოთ თავი? იყოს 5 დღე – თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეა! არავინ არ შეიწუხა თავი, ემსჯელა, ამ გამწარებული ხალხის მდგომარეობის შემსუბუქებაზე. იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ!".

არაკომპეტენტურობასა და ბიუროკრატიაზე ამახვილებს ყურადღებას კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილიც:

„ზოგადად - კი, ყველაფერი ოკუპაციის ბრალია. მაგრამ მოდით ამ კონკრეტულ შემთხვევაში გავერკვეთ...დავსვათ მარტივი კითხვა - რატომ გადმოდიოდენ ეს ხალხი მდინარეზე და რატომ არ გადმოვიდნენ ჩვეულბრივად, ენგურის ხიდით? სრული პასუხისმგებლობით ვიძახი - ეს ხალხი (ნაწილი მაინც) ცდილობდა ჩვენს მიერ დაწესებულ კარანტინზე თავის არიდებას!

რამდენი ხანია, ხან - გთხოვთ, ხან პეტიციებს გაწვდით, ხან შემოთავაზებებს გიგზავნით და ყრუ კედელი...ვინც არ იცის - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ, ჯერ მთელი წელი 12–დღიანი კარანტინი ეხებოდათ, ამ ერთი თვის წინ კი 5 დღემდე ჩამოწიეს დღეთა რაოდენობა. ხალხს ათასი გადაუდებელი საჭიროება აქვს - ჯანმრთელობის, პროდუქტების შეძენის და ა.შ. შესაბამისად 5 დღე კარანტინში ჯდომა, უბრალოდ არ გამოდის, ამიტომ მიდიან ასეთ რისკზე...

რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, შესაბამი კონტაქტები და გამბედაობა, რომ ჰქონდეთ?! არანაირი კარანტინი, რეალურად არ იყო საჭირო: გალის საავადმყოფოებისთვის უნდა გადაეცათ შესაბამისი აპარატურა და ტესტები; შედეგად ეცოდინებოდათ დაახლოებითი სურათი ადგილზე; შესაბამისად, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოს შემთხვევაში: თუ ეპიდვითარება გაუარესდებოდა - ჩაეკეტათ; თუ ნორმალური ვითარება იქნებოდა - გაეხსნათ და ა.შ.

რატომ არ კეთდება, ეს მარტივი საქმე? - იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობაში პოლიტიკოსები, გვყავს ჩვულებრივი ბიუროკრატები, არავის არ უნდა საკუთარ თავზე ინიციატივის აღება; მეორე - ასევე სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, კონფლიქტების თემაზე მომუშავე უმაღლეს თანამდებობეზე მყოფ ხალხს, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე - კონფლიქტებთან არც კი გაუვლიათ...ანუ კომპეტენციის ნაკლებობა, ან სრული არ ქონა.

შესაბამისად - ბევრად მარტივია იყვირო რუსეთი და ოკუპაცია. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ექცევა ისე (რაც კარგად ვნახეთ პოზნერის შემთხვევაში), როგორც საკუთარ მოქალაქეებს...

გალელებო, დევნილებო - თქვენ უნდა ამოიღოთ ხმა! აფხაზეთის მთავრობავ - ერთხელ მაინც ამოიღეთ რამეზე ხმა!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები