ნევზოროვი: ყველაფერი რუსეთის საშინელი მარცხით დასრულდება

15-04-2021 13:35:34 თვალსაზრისი

უკრაინასთან ომის შემთხვევაში ყველაფერი რუსეთის "საშინელი მარცხით" დასრულდება, - ეს მოსაზრება რუსმა პუბლიცისტმა ალექსანდრე ნევზოროვმა YouTube-ზე თავის საავტორო ბლოგში გამოთქვა.

მისი აზრით, ძალთა უთანასწორობის მიუხედავად, გამარჯვება უკრაინას დარჩება, რადგან "უკრაინისთვის ომის ნებისმიერი შედეგი გამარჯვება იქნება".

როგორც ნევზოროვი აღნიშნავს, არსებობს მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო ვარიანტი და "რუსეთისთვის ორივე სასიკვდილოა". "ერთ შემთხვევაში უზარმაზარი, სისხლიანი, გაბოროტებული მონსტრი - რუსეთი პატარა, დაუცველ, მაგრამ ამაყ მეზობელს სრესს, მეორეში - პირიქით. რუსეთისთვის ორივე ვარიანტი ტრაგიკულია", – განმარტავს პუბლიცისტი.

ყველაფერი იმით დაიწყება, რომ "ერთი-ორ რუსულ დივიზიას გზა აებნევა, - ამის გარეშე ხომ არასოდეს ხდება" - აღნიშნავს ნევზოროვი. "ამ დივიზიებს აუცილებლად გადაუვლის რუსული ავიაცია, რომელმაც ჩეჩნეთში საკუთარი ქვედანაყოფების ბომბვისა და ამ გზით რუსული ჯარების მინიმუმ, 1/4-ის გაწყვეტის გასაოცარი გამოცდილება დაიგროვა. ვფიქრობ, აი ეს გამოცდილება, სხვებისგან განსხვავებით, სასმელში ჯერ ვერ გალიეს და ავიაცია მას პრაქტიკაში ამჯერად უკრაინაში გამოიყენებს", – აღნიშნავს ნევზოროვი.

პუბლიცისტი ასევე არ გამორიცხავს ომში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩაბმას, რომელიც "შორი არტილერიის, ჭოგრიტებისა და პორტვეინის დახმარებით აუცილებლად ააოხრებს ერთ-ორ სანაპიროს მასზე მოკალათებული რუსივე ტურისტებიანად".

თუმცა, ნევზოროვის თქმით, არც ერთი რუსი ე.წ. სამხედრო ანალიტიკოსი არ ითვალისწინებს "უკრაინის ზეგააფთრებული წინააღმდეგობისა და რუსული ჯარის ბრძოლისუუნარობის ფაქტორებს". "უკრაინელი სამხედროები ჩეჩნებზე გააფთრებულებიც კი არიან" - თვლის პუბლიცისტი.

"რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი რუსეთის საშინელი მარცხითა და ტრაგედიით დასრულდება. ავღანეთის, ვიეტნამის, ჩეჩნეთის სირცხვილს საბრალო რუსეთის მხრებზე კიდევ ერთი კუზი დაემატება", – ასკვნის ნევზოროვი.

2014 წელს ყირიმის ანექსიისთანავე რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული აგრესიის განხორციელება დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები ერთის მხრივ - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო მეორეს მხრივ, რუსულ ჯარსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ "ბოევიკებს" შორის წარმოებს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს აკონტროლებენ.

უკრაინული მხარის მიერ ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში შეჭრას ოფიციალურად არ ადასტურებს.

გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის პერიოდში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი დაიღუპა.

2021 წლის დასაწყისში დონბასში ვითარება დაიძაბა. გაერთიანებული ძალების საოპერაციო შტაბმა არაერთგზის განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე სნაიპერულ ცეცხლს იყენებს.

1 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ 2021 წლის დასაწყისიდან დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ მცირე, 570-ჯერ დაარღვიეს.

უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა იულია მენდელმა 11 აპრილს განაცხადა, რომ წელს უკვე 26 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 12 და 13 აპრილს კი მათ კიდევ ორი შეემატა.

მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში მედიამ და თვითმხილველებმა იმის მტკიცებულებების პუბლიკაცია დაიწყეს, რომ რუსეთს აქტიურად შეჰყავდა ყირიმში ქერჩის ხიდით სამხედრო ტექინიკა და უკრაინის საზღვრებთან ჯარების მობილიზებას ახორციელებდა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვრის სიახლოვესა და ყირიმში სამხედრო ძალას ზრდიდა, რაც "საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოებას". უკრაინის დაზვერვამ კი განაცხადა, რომ რუსეთს სურს, გაზარდოს სამხედრო წარმოდგენილობა "ბოევიკების" მიერ კონტროლირებად ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ქვედანაყოფების შეყვანის გზით. ამასთან, მან რუსული ძალების უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შესვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

ვითარების დაძაბვის ფონზე რუსეთის ხელისუფლებამ ჯარების საკონტროლო შემოწმება გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 13 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთმა სამი კვირის განმავლობაში "დასავლეთ საზღვრებთან" ორი არმია და საჰაერო-სადესანტო ძალების სამი შენაერთი გადაისროლა და რომ ყველა მათგანი ჩართულია წვრთნებში, რომელიც 14 დღის განმავლობაში დასრულდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განცხადებით, რუსეთის მხრიდან დონბასში ვითარების ამჟამინდელი ესკალაცია სისტემურ ხასიათს ატარებს და ყველაზე მასშტაბურია ბოლო წლების განმავლობაში.

დონბასში ვითარების ესკალაციის გამო ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლობამ მაქსიმალური მზადყოფნა გამოაცხადა. თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების რაოდენობა ყველაზე დიდია 2014 წლიდან.

უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, მარტის დასაწყისისთვის რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებისა და შავი ზღვის ფლოტის ორი არმია გაშალა 89 ათასი ადამიანის საერთო რიცხოვნობით. უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალის გადასროლა სავარაუდოდ, 20 აპრილისთვის დასრულდება და მათმა რაოდენობამ შესაძლოა, 110 ათას სამხედროს მიაღწიოს, - განაცხადა 14 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა.

Reuters-ის რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ საუბარია ძალის დემონსტრირებაზე და არა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადებაზე.

წყარო: gordonua

ახალი ამბები

სხვა სიახლეები