
საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
15/07/2019 13:28:39 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ელჩის დაბარება დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
"სამწუხაროდ, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ამ ინციდენტს განვიხილავთ, როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებისკენ მიმართულ პროვოკაციას. ჩვენ ქართულ მხარეს ვთხოვეთ ინციდენტის გამოძიება, შესაბამისი ზომების მიღება და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს გზავნილით, რომ უდაბნოს სენაკები აღარაა საქართველოს საკუთრება. სწორედ ამას მოჰყვა ადგილობრივთა პროტესტი.
შსს–ს ცნობით, ადგილზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ დროისთვის სიმშვიდეა. გარეჯში ამ წუთებში საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
ცნობისთვის: დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ კომისიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა ბაქოში, დაგეგმილია ექსპერტების დონეზე სეხვედრა თავად გარეჯში.
იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...