Accentnews.ge
რა შედეგით დასრულდა ქართულ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრა გარეჯში

რა შედეგით დასრულდა ქართულ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრა გარეჯში

15/07/2019 13:39:05 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

დავით–გარეჯში ქართულ–აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა და როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, უახლოეს დღეებში მომლოცველები და ტურისტები გარეჯის ტერიტორიაზე ისევე შეძლებენ გადაადგილებას, როგორც აქამდე და ეს ეხება როგორც ჩიჩხიტურს, აღდგომის მონასტერს, ასევე სხვა დანარჩენ ტერიტორიებს.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული პროვოკაციები, დაძაბულობა, ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეები "რამდენიმე დღე ზემოთ არ ავიდნენ", ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ აღდგომის მონასტერზე მისვლა შესაძლებელი იქნება. 

"შეხვედრა დასრულდა. ჩვენ განვიხილეთ გუშინდელი ინციდენტი აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. გავცვალეთ ინფორმაცია, ასევე განვიხილეთ ის პერიოდი, რა პარიოდშიც იქნება აკრძალვა ამ საზღვრის შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება ახსნილი და დაუბრუნდება ძველ რეჟიმს სიტუაცია. მოქალაქეები და ასევე მომლოცველები, ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. რაც შეეხება ინციდენტს, გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან. მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა სიტუაცია მათ შორის ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად დროულად იქნა განმუხტული. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. არის მშვიდი ვითარება", - განაცხადა კუპატაძემ.

რაც შეეხება კელიებიდან ხატების გამოტანის საკითხს, კუპატაძის თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ეს გადაწყვეტილება ხატების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.  

როგორც კუპატაძემ აზერბაიჯანულ მხარეზე დაყრდნობით განაცხადა, ადგილს ტურისტები ანაგვიანებენ, ტერიტორია თავად აზერბაიჯანელებმა დაასუფთავეს და პირობა მისცეს ქართულ მხარეს, რომ იქ, სადაც კელიებია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ ივლიან.

"მერწმუნეთ, მსგავსი რამ იქ არ ხდება. ქაღალდებს და ნაგავს, როგორც თვითონ განმარტავენ, იქ ყრიან მომლოცველი ტურისტები, რომლებიც იქ ჩადიან. ეს იყო ძველი დარჩენილი ნაგავი, როცა მათ (ტურისტებს) გადადგილების საშუალება ჰქონდათ. თვითონვე დაასუფთვეს ეს ადგილები და პირობა მოგვცეს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც კელიებია აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გადადგილდებიან, ამიერიდან ივლიან მხოლოდ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე", - განაცხადა კუპატაძემ.

მისი თქმით, შსს მოუწოდებს საზოგადოებას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აყვებიან პროვოკაციებს და სადელიმიტაციო კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცენ, ვინაიდან დროულად გადაწყდეს არსებული პრობლემა და ეფექტური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს გზავნილით, რომ უდაბნოს სენაკები აღარაა საქართველოს საკუთრება. სწორედ ამას მოჰყვა ადგილობრივთა პროტესტი.

შსს–ს ცნობით, ადგილზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ დროისთვის სიმშვიდეა. გარეჯში ამ წუთებში საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 

ცნობისთვის: დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ კომისიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა ბაქოში, დაგეგმილია ექსპერტების დონეზე სეხვედრა თავად გარეჯში.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S