
“საქართველოს სარგებელს მოუტანს ანტისამთავრობო, თუმცა პრორეჟიმული პარტიები. თუ გახარია ნაბიჯს ამ მიმართულებით დგამს, ეს შესაძლოა, ძალიან პოზიტიური იყოს”
20/04/2021 09:14:37 პოლიტიკა
“საქართველოს სარგებელს მოუტანს პარტიები, რომლებიც ანტისამთავრობო, თუმცა პრორეჟიმული იქნებიან. თუ გახარიას პარტია ნაბიჯია ამ მიმართულებით, ეს შესაძლოა, ძალიან პოზიტიური იყოს”, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ლინკოლნ მიტჩელმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, ნაადრევია დარწმუნებით იმის თქმა, თუ რა ურთიერთობა ექნება გახარიას ივანიშვილთან, ან რამდენად დამოუკიდებელი იქნება იგი. ამ საკითხზე ორი შეხედულება მაქვს: პირველი – საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისათვის არ არის კარგი, როდესაც პირს, რომელსაც არჩეული თანამდებობა არ უკავია აქვს ისეთი ძალაუფლება და გავლენა, როგორც ამას ივანიშვილის შემთხვევაში აქვს ადგილი. იგი უდიდესი მნიშვნელობის მქონე ადამიანია „ ქართულ ოცნებაში“ და თუ აღმოჩნდება, რომ ივანიშვილს მსგავსი გავლება სხვა პარტიაზეც ექნება, ეს არ იქნება კარგი. მეორე – ჩემი აზრით, საქართველოს სარგებელს მოუტანს პარტიები, რომლებიც ანტისამთავრობო, თუმცა პრორეჟიმული იქნებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარტიები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავრობა ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს, ცუდად აფასებენ მთავრობის მმართველობას, თუმცა მიუხედავად ამისა, მხარს უჭერენ რეჟიმის ლეგიტიმურობას. ასეთი პარტიების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ფუნქციონირებად დემოკრატიაში და ეს არის ის, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს გვინახავს. თუ გახარიას პარტია ნაბიჯია ამ მიმართულებით, ეს შეიძლება, ძალიან პოზიტიური იყოს“, – განაცხადა მიტჩელმა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, გახარიას ქართველ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტი – 65%–იანი მხარდაჭერა აქვს, „პოზიტიურია, თუმცა არ ნიშნავს რომ ეს აუცილებლად მისი ამომრჩეველთა ხმებია“.