საქართველო „დანაღმულ“ რეგიონში - დაზვერვის უფროსისა და უსაფრთხოების დოკუმენტის გარეშე

21-04-2021 15:50:56 ინტერვიუ ,ანალიზი

მას შემდეგ, რაც 2019 წლის სექტემბერში ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროდან დაზვერვის სამსახურის შეფად, ხუთ თვეში კი ძმასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე გერმანიაში ელჩად გაამწესეს, „უცნაურია“, მაგრამ უწყებას უკვე წელიწადზე მეტია, ხელმძღვანელი არ ჰყავს: დაზვერვას უფროსის მოვალეობის შემსრულებლის რანგში შალვა ლომიძე ხელმძღვანელობს.

„საქართველო, რომელიც უაღრესად დიდი საგარეო გამოწვევების წინაშე დგას, საჭიროებს, რომ ყველა უწყებას ჰყავდეს ხელმძღვანელი და ყველა უწყება სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს“,– ამბობს „აქცენტთან“ GIPA-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე.

შესაძლოა, უწყებას უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პირობებში ფუნქციონირება ტექნიკური თვალსაზრისით არ აფერხებდეს, მაგრამ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელ, მე–10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატ თეონა აქუბარდიასთვის აღნიშნული ზოგადად, უსაფრთხოების სექტორისადმი დამოკიდებულების მანიშნებელია.

„დიდი ხანია, ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეროვნული უსაფრთხოების გეგმა პრიორიტეტის ხარისხში არ აქვს აყვანილი. ამას მოწმობს ერთის მხრივ ის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს არაეფექტური მოდელი შეიქმნა (ოთხი სხდომაა ჩატარებული, მიუხედავად იმისა, რომ კანონით სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს), ვხედავთ, რომ წელიწადზე მეტია, დაზვერვის სამსახურს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, 2011 წლის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ განახლებულა, საქართველოს არ აქვს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი 2018 წლიდან, თავდაცვის, უსაფრთხოების სტრატეგია, შესაბამისად, ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელიც უპირველესად, პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. მთავარი პრობლემა სწორედ პოლიტიკური ნების არარსებობაა, უსაფრთხოების სექტორი მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. არ ფიქრობენ, რომ საქართველოს აქვს რუსეთიდან აგრესიის განმეორების რისკი, ვერ ხედავენ ვერც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რომელიც საქართველოში გამოიყენება და საკმაოდ მომძლავრებულია და არ ხდება ამ საფრთხესთან სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან დაპირისპირება. შესაბამისად, მიუხედავად ოფიციალური განაცხადისა, რომ საქართველო ევროატლანტიკური კურსის ერთგულია, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქმედებებში აბსოლუტურად ცდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. საუბარია საინფორმაციო ომის, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ბერკეტებზე. ყველა მიმართულებით საქართველოს მოწყვლადობა ბევრად უფრო გაზრდილია, ვიდრე ეს იყო თუნდაც 2018 წელს და, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ყველა ეს საკითხი არა მხოლოდ პრობლემად იქნეს წარმოჩენილი, არამედ, მათი გადაწყვეტის გზები იქნეს დასახული და ვაპირებ არა მხოლოდ კითხვები დავსვა, პასუხები მოვითხოვო“.

უსაფრთხოების 10 წლის წინანდელი კონცეფცია დღეს

როგორ წარმოუდგენია ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოების გარემო და როგორ ცდილობს სტრატეგიული მიზნების განხორციელებას? როგორ აფასებს ქვეყანა საფრთხეებს, რისკებს, გამოწვევებს – სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით იქმნება ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს 2011 წლის შემდეგ არ განუახლებია. ამ ხნის განმავლობაში კი რამდენჯერმე შევიდა ცვლილება მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციაში, აუცილებლობა განიმარტა, რა რომ საზოგადოებრივ მოთხოვნებს მეტად უნდა მისადაგებულიყო თუნდაც, იგივე ოჯახის დეფინიცია; ანაკლიის პორტის მშენებლობის აუცილებლობა, რომლის მომავალიც აბსოლუტურად ბუნდოვანია მიუხედავად კონსტიტუციური გარანტიებისა, პროექტის ავტორები კი სასამართლოებში დარბიან, მაგრამ უსაფრთხოების მთავარ დოკუმენტზე ჯერი არ/ვერ მიდგა. ლოკალურ დონეს რომ გავცდეთ, 2011 წელს, მათ შორის, ყირიმი რუსეთის მიერ ჯერ კიდევ არ იყო ანექსირებული, შესაბამისად, – შავ ზღვაზე მისი წარმოდგენილობა გაზრდილი, – უკრაინაში ომი გაჩაღებული, – სამხედრო ძალით სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში წარმოდგენილი, ჯერ კიდევ არ არსებობდა ტერმინი „ჰიბრიდული ომი“.

„იმდენად მოძველებული დოკუმენტით ვხელმძღვანელობთ, რომ მისი არსებობა აზრს კარგავს“,– ამბობს „აქცენტთან“ ფხალაძე. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება აძლევს მას დასკვნის საფუძველს, რომ უსაფრთხოების სექტორში უკიდურესად მძიმე ვითარებაა და სტრატეგიული დოკუმენტის – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, აქედან გამომდინარე, საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ცალ–ცალკე ვსაუბრობთ ხოლმე თავდაცვის, საგარეო პოლიტიკის დოქტრინაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ არ გაგვაჩნია მთავარი დოკუმენტი, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ყველა სხვა დოკუმენტები“.

ფხალაძის ანალიზით, არათუ 2011 წლის დოკუმენტია სადღეისოდ არსებულ მოცემულობასთან ადეკვატური, უკვე განახლებული დოკუმენტი კავკასიაში გასულ წელს განვითარებული მოვლენების შემდეგაც უნდა განახლებულიყო, 10 წლის წინანდელი დოკუმენტი კი ბუნებრივია, ვერ ასახავს მთელ რიგ გამოწვევებს:

„კიბერუსაფრთხოება, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ტარდება, კონფლიქტები, რომელიც ჩვენს ირგვლივ გაცოცხლდა და განახლდა, მათ შორის, ყირიმის ანექსია, მათ შორის, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ (რომლის დაქირავებული მებრძოლები ჩვენს წინააღმდეგაც იბრძოდნენ, მაგრამ ახლა მან უფრო სრულყოფილი სახე მიიღო და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გამოიყენება); ის, რომ მთელი ეს საფრთხეები ერთმანეთთან დაკავშირებული გახდა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ანექსირებული ყირიმი და ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს ერთ სამხედრო ოლქში ჰყავს ჩართული, განიხილავს ერთ სამხედრო ტერიტორიად და წვრთნებსაც სწორედ ამ მიმართულებით ატარებს; აგრეთვე, ყარაბაღის თემა. ჩვენს კონცეფციაში საერთოდ არ არის შავი ზღვის საკითხი, არადა ვიცით, რომ შავ ზღვაზე უამრავი რამ მოხდა“.

ფხალაძე თავად რუსეთის მიერ უსაფრთხოების კონცეფციისა და აქედან გამომდინარე, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების განახლებაზე ამახვილებს ყურადღებას და მიუთითებს, რომ წინა დოკუმენტებისგან განსხვავებით, საქართველოსთვის სხვა ტიპის საფრთხეები გამოჩნდა, საფრთხეებს შეიცავს მისი ქმედებებიც:

„ვგულისხმობ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას და სხვა ტიპის სამხედრო აქტივობებს იქ, უფრო საშიშის, ვიდრე ეს მანამდე იყო; ვგულისხმობ არაკონვენციური, ჰიბრიდული ომების წარმოების საშუალებებს; ვგულისხმობ რუსეთის ხედვას რეგიონის მიმართ, რომელიც უფრო ფეთქებადსაშიში, აგრესიული, შეტევითი გახდა. ასევე უსაფრთხოების ნაწილია პანდემია და გვაჩვენა, რომ მსგავსი საფრთხეების მიმართ ქვეყანა დაუცველია.

თუ დოკუმენტი არ განახლდა, შესაძლოა, ცალკეულმა უწყებებმა გადახედონ თავიანთ სამოქმედო გეგმებს, მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს მთავარ დოკუმენტს. ეს დაახლოებით იმგვარი ქმედებაა, კონსტიტუციაში სხვა რამ გვეწეროს და ჩვენ სხვა კანონს ვიღებდეთ. სამოქმედო გეგმა სტრატეგიიდან გამომდინარე იწერება, ჩვენ კი სტრატეგია არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, არ გვაქვს მეორე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საფრთხეებს აფასებს“.

ამასთან, ფხალაძე აუცილებლად მიიჩნევს, უსაფრთხოების საბჭო გადაიქცეს ქმედით ორგანოდ:

„ეს ორგანო შეიქმნა იმისთვის, რომ მოხდეს უწყებებს შორის კოორდინაცია სწორედ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში: ის, რაც ცალკეულ უწყებებში იქმნება, კარგია, მაგრამ აუცილებელია ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს. სწორედ ამისთვის არსებობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და მის გარეშე ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის, მენეჯმენტის პროცესი ვერ წარიმართება. ამ ფუნქციას ვერ შეითავსებს ვერც მთავრობა და ვერც რომელიმე უწყება“.

ანალიტიკოსებს უჭირთ პასუხის გაცემა კითხვაზე, რა აფერხებს უსაფრთხოების მთავარი დოკუმენტის განახლებას. თეონა აქუბარდია, ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, როდესაც თავად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა, პრემიერ–მინისტრთან არაერთგზის გაიგზავნა წერილი უსაფრთხოების კონცეფციაში ცვლილებების განხორციელების საჭიროების თაობაზე, ამავე თემაზე საუბრობდა პრეზიდენტიც, თუმცა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა პოლიტიკური ნება, 2021 წელშიც ვსარგებლობთ უსაფრთხოების ჩვენს გარემოსთან შეუსაბამო დოკუმენტით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები