"აფხაზეთი სახელმწიფოებრიობას კარგავს" - რას ფიქრობენ რუსეთის პოლიტიკაზე აფხაზები

26-04-2021 11:39:29 კონფლიქტები

ნათელი მომავალი, ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა, ხვალინდელი დღის რწმენა. ამ ფრაზებით კვებავდნენ აფხაზეთის მოსახლეობას როგორც თავად აფხაზეთში, ისე მის გარეთ მყოფი სხვადასხვა ყაიდის პოლიტიკოსები თითქმის 30 წლის განმავლობაში. არ ვიცი, როგორ აეწყო თავად მათი ცხოვრება, აფხაზეთის მოსახლეობა კი საკუთარ ტყავზე დარწმუნდა, რამდენად შორსაა ეს სიტყვები რეალობისგან. გვარწმუნებდნენ რა საკუთარ ცრემლივით წმინდა ზრახვებსა და პატრიოტიზმში, ისინი ცალი ხელით სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე აწერდნენ ხელს რესპუბლიკისთვის საზიანო დოკუმენტებს, მეორეთი კი ხალხს ძარცვავდნენ და საბოლოოდ წურავდნენ აფხაზეთის დარჩენილ სიმდიდრეს, ძარცვავდნენ ისედაც მწირ ბიუჯეტს, რომლის უდიდესი ნაწილი რუსული დოტაციებისგან შედგებოდა. სწორედ მათი უგუნურებისა და უნამუსობის შედეგია ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც აფხაზეთმა სადღეისოდ ამოჰყო თავი.

არადა ოდესღაც, სადღაც 1998-ში ყველანი ვოცნებობდით, უპირველესად, მშვიდობაზე, წინსვლასა და კეთილდღეობაზე.

«პერიოდები რომ შევადაროთ, ომის შემდეგ რუსეთის მიერ ჩვენთვის შექმნილი ბლოკადის პირობებში უკეთ ვცხოვრობდით. ფულსა და შესაძლებლობებს არ ვგულისხმობ, მხედველობაში მაქვს ურთიერთდამოკიდებულება, ერთიანობა, შეკრულობა. უკეთესი ცხოვრების დევნაში ვუღალატეთ ჯერ საკუთარ თავს, ჩვენს ხალხს, მერე - სახელმწიფოს. ახლა კი საზღაურის დრო გვიდგება», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე რუსლანი.

მისივე აზრით, სადღეისოდ აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. «ჯერ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს და რუსეთის მოქალაქეობა დაგვირიგეს. ჩვენც ტაში შემოვკარით და ვეძგერეთ ამ დახმარებას, როგორც დამშეული ძაღლი - ძვალს. შემდეგ "დიდსულოვნად" გვიხდიდნენ პენსიებსა და შემწეობებს და ჩვენ ამას კვლავ ტაშით ვხვდებოდით. მაშინ ცოტა თუ ფიქრობდა იმაზე, სანაცვლოდ რა სურდათ რუსებს. და აი, დადგა ვალის გადახდის დრო», - ამბობს რუსლანი.

ბოლო პერიოდში აფხაზეთში რუსულ დახმარებას, მათ შორის ფინანსურს სულ სხვაგვარად ეკიდებიან - უფრო გააზრებულად და დაკვირვებულად. საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ეს დახმარება მეტისმეტად მიზერული იყო საიმისოდ, რომ ომით დაქცეული რესპუბლიკა ფეხზე წამომდგარიყო, რომ აფხაზეთის გაძლიერება რუსეთს იმთავითვე არ სჭირდებოდა, რომ სანამ მოსკოვი ცალი ხელით დახმარებას გვირიგებდა, სკოლებს, საავადმყოფოებს, გზებს გვიშენებდა და თითქოს ინფრასტრუქტურასაც აღადგენდა, რუსები წარმოუდგენელ ვალებში გვახვევდნენ. გავიხსენოთ თუნდაც მილიარდიანი სარკინიგზო კრედიტი, რომლის თანხამ აფხაზეთამდე არც მოაღწია, რკინიგზა კი როგორი გაპარტახებულიც იყო, ისეთივეა დღესაც. შემდეგ - კრედიტი საბანკო სფეროს აღსადგენად. აფხაზეთმა ეს ფული ძლივს დააბრუნა და მოძმე სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს მრავალმილიონიანი პროცენტებიც გადაუხადა. ახლა ჩვენს რესპუბლიკას რუსეთის წინაშე თითქმის ორი მილიარდი ჰმართებს იმ ელექტროენერგიისთვის, რომლითაც ენგურჰესის სარემონტოდ გაჩერების პერიოდში ვმარაგდებოდით.

ამასთან, რუსეთს არასოდეს მიუცია აფხაზეთისთვის ფული სამრეწველო, აგრარული ან ენერგეტიკული სექტორის რაიმე მნიშვნელოვანი ობექტების აღდგენისა თუ მშენებლობისთვის. არცაა გასაკვირი: თუ ფაბრიკებსა და ქარხნებს ავიშენებდით, ენერგოსისტემას გავმართავდით, ცხოვრების დონეს ავიმაღლებდით და დამოუკიდებლად შევძლებდით თავის რჩენას, რუსეთი როგორღა გაგვაკონტროლებდა?!

აფხაზური სახელმწიფოს ლიდერები სისტემატიურად დადიოდა მოსკოვში რევერანსებისთვის და ყოველ ჯერზე სულ უფრო დაბლა ხრიდა თავს, მაგრამ დახმარება სულ უფრო მცირდებოდა. ახლა კი რუსებმა დახმარებაზე საერთოდაც უარი გვითხრეს და წაგვიყენეს წინაპირობები, რომელთა შესრულების გარეშე ფულს ვეღარასოდეს ვნახავთ. საკუთარი ფული არ გვაქვს. გასული ათწლეულების განმავლობაში ვერა და ვერ ვისწავლეთ თავის საკუთარი ძალებით რჩენა, არადა ამისათვის უამრავი შესაძლებლობა გვქონდა და დღესაც გვაქვს. უბრალოდ ჩვენ ლაქიობა ვარჩიეთ.

შესასრულებლად სავალდებულო ამოცანების კრემლიდან გამოგზავნილი სია ათობით პუნქტს მოიცავს, რომელთა შორისაა აფხაზური ენერგეტიკის, უძრავი ქონების, სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების რუსებისთვის მიყიდვისა და არაერთი სხვა აბსურდული პუნქტი. და ჩვენ დავთანხმდით.

«ამა თუ იმ პროექტის რეალიზებისთვის მისი დაფინანსებაა საჭირო. თუ ფული არ არის, საჭიროა ფულიანი ხალხის მოზიდვა. ეს კი ნიშნავს, რომ მათ პრეტენზია ექნებათ ამ საკუთრების ნაწილზე. სხვაგვარად კაპიტალისტურ სამყაროში ეკონომიკა არ მუშაობს», - განაცხადა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ერთ-ერთ ამასწინანდელ შეხვედრაზე. პროექტები - ეს უდავოდ კარგია, განსაკუთრებით - აფხაზეთისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია, უიმედოდ სავალალო მდგომარეობაში აგრძელებს არსებობას. მაგრამ როდის დაგვიდგება ეკონომიკური სამოთხე და, რაც მთავარია, რად დაგვიჯდება ჩვენ ის - არავინ ამბობს. ერთადერთი, რაც ბოლო პერიოდში გვესმის, არის ის, რომ «ცხოვრება აფხაზეთში გაუმჯობესდება…ჩვენ გვყავს ქვეყანა, რომელიც დაგვეხმარება… რომ მუდმივად ხელგაწვდილებმა არ ვიაროთ…». თითქოს კარგად ჟღერს, მაგრამ ხალხი უკვე ხვდება, რა რეალური არსი იმალება ამ ფრაზების უკან: რუსული დახმარების ხარისხი და, რაც მთავარია, ფასი უკვე ყველამ ვიცით, თუმცა აღარაფერი შეგვიძლია.

«რუსები უნიკალური ხალხია. როგორ მარტივად გაგვაცურეს! ჩვენმა მმართველებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, ეფიქრათ, სანამ რუსეთის "ზეციურ" დახმარებას მიიღებდნენ, დაფიქრება კი აუცილებელი იყო. ახლა ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, აზრი აღარ აქვს. ჩვენ თავად ვართ დამნაშავე ყველაფერში, რაც რუსებმა გვიქნეს. უფასო ყველი მხოლოდ მახეშია, ჩვენ კი რატომღაც ჩავთვალეთ, რომ საყოველთაოდ ცნობილი ეს სიბრძნე არ შეგვეხებოდა», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი მაქსიმი.

«სასწორზეა აფხაზეთის არსებობა და ვშიშობ, რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, უკვე მეტისმეტად გვიანია. ჩვენს სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობას სულ მალე ბოლო მოეღება», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე ირინა.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობას. და ეს ყველაფერი - იმის გამო, რომ რუსეთის დიდი ხნის ზრახვამ, აფხაზეთი ჩაიგდოს ხელში, რეალური ვადები შეიძინა. ახლა ეს უკვე არა უბრალოდ ვარაუდია რუსების ზრახვების თაობაზე, არამედ ფაქტი. სხვაგვარად როგორ ავხსნათ რუსეთის მცდელობა, დაეუფლოს აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე ყველა დარგს?!

«და მშვიდობით, დამოუკიდებლობავ, მშვიდობით, მშობლიურო ენავ! და კიდევ უამრავ მნიშვნელოვან რამესთან მოუწევს გამომშვიდობება ჩვენს ხალხს. ხოლო თუ ასეა, მაქვს მხოლოდ ერთი კითხვა: რა საჭირო იყო ომი, რომელმაც ათასობით სიცოცხლე იმსხვერპლა? უფრო მარტივი არ იყო, მაშინვე მიეცათ ჩვენი თავი საჯიჯგნად, რომ გამარჯვების 28-წლიანი ისტორიის შემდეგ აფხაზეთი რუსული გამარჯვებების მემატიანედ არ ქცეულიყო?!».

ასტანდა ბგანბა

_________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

_________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები