
რუსმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველოც შეიყვანეს
27/04/2021 09:57:37 საგარეო პოლიტიკა
კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში, მათ შორის, საქართველო შეიყვანეს.
საკითხზე მსჯელობა კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების – "Россия 1-ის" ეთერში წარიმართა.
პროსახელისუფლებო პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ ქვეყნად აშშ დაასახელეს, ხოლო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გავლენით, ანტირუსული პროპაგანდის ხელშემწყობ ქვეყნების ჩამონათვალში – საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი და ჩეხეთი.
მსჯელობა ასევე შეეხო საფრანგეთისა და გერმანიის საკითხსაც, თუმცა პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა. ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკო მიკელსენმა კი ოფიციალურ ბერლინსა და პარიზს მოუწოდა, ნათლად დააფიქსირონ პოზიცია და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს შეუერთდნენ.