ღარიბაშვილმა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრეს

29-04-2021 11:15:25 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, საჰაერო ძალების ფელდმარშალს, სტიუარტ ფიჩს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

„საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ პროცესში ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში და ავღანეთში მისიის ეტაპობრივად დასრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკითა და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან კოორდინაციით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ავღანეთი აღარასოდეს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ქართული სახელმწიფო ამაყობს საკუთარი წვლილით ამ მიზნის მიღწევაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები