
რუსეთში ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრეს
29/04/2021 09:23:42 სამართალი, მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მისი პოლიტიკური ძალის სხვა სახეების - ლეონიდ ვოლკოვისა და ივან ჟდანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა.
როგორც ნავალნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე თურმე, ჯერ კიდევ 2 თებერვალსაა აძღრული, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა - ნავალნის ორგანიზაციის "ექსტრემისტულად" ცნობის შესახებ პროკურატურის სარჩელის მასალების შესწავლის შემდეგ გახდა ცნობილი.
"მედიაზონის" ცნობით, საქმის დეტალები უცნობია.
* რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის ორგანიზაცია "უცხოეთის აგენტად" ჰყავს გამოცხადებული.
თავად ნავალნი, როგორც ცნობილია, ამჟამად წინა ბრალდებების საფუძველზე იხდის სასჯელს. ოპოზიციონერმა, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწამლვის შემდეგ გერმანიაში იმკურნალა და სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე იქნა დაკავებული, ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი გაუარესების შემდეგ, მედიკოსების დაჟინებული რეკომენდაციით, პროტესტის ამ ფორმის გამოყენება ცოტა ხნის წინ შეწყვიტა.
ორიოდ დღის წინ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში კვლავ გაიმართა ნავალნის მხარდამჭერი აქციები, რომლებზეც ასეულობით მოქალაქე იქნა დაკავებული.