სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილის დაჭრის ფაქტს გამოიძიებს
30/04/2021 09:16:36 სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილის დაჭრის ფაქტს გამოიძიებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარლამენტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.


