„მკვლელი ფაქტობრივად, დაუსჯელი დარჩა! მტკიცებულებები არ იყო!“ – ახალგაზრდა ქალის სასტიკი მკვლელობის საქმე

30-04-2021 21:05:50 ადამიანი და კანონი

ნაფიცმა მსაჯულებმა ახალგაზრდა ქალის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული მკვლელობის ნაწილში გაამართლეს და მხოლოდ დანაშაულის დაფარვაში სცნეს დამნაშავედ. საუბარია გასული წლის ზაფხულში ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე: ცივი იარაღით ფაქტობრივად, დაჩეხილი ახალგაზრდა ქალის – ელისო ჩეჩელაშვილის ცხედარი (24 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული) შინ სამსახურიდან დაბრუნებულმა მეზობელმა მკვლელობიდან ორი საათის შემდეგ იპოვა. მანამდე ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, მეზობლებს ესმოდათ, თუმცა ჩარევისგან, 112–ზე დარეკვისგან თავი შეიკავეს. თავის დროზე მეზობლების გულგრილობა მედიაში განსჯის საგანიც გახდა. მოგვიანებით განსჯის საგანი გახდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი, რომელიც დროში გაჭიანურდა. მოკლულის ოჯახი შიშობდა, რომ განაჩენის დადგომა პატიმრობის კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე ვერ მოესწრებოდა, სავარაუდო მკვლელი კი ჯერ საპატიმროს, შემდეგ კი ქვეყანასაც დატოვებდა. თუმცა, შესაბამისი რაოდენობის მსაჯულები შეიკრიბდნენ და პროცესები ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა.

ინფორმაციისთვის: მკვლელობიდან მალევე უცხოეთის მოქალაქე, შუახნის ქალი დააკავეს, რომელთანაც, როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ქალი მეგობრობდა.

„სასამართლომ თავისი გასაკეთებელი ნამდვილად გააკეთა – შეარჩიეს ნაფიცი მსაჯულები, პროცესები ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა, მაგრამ მტკიცებულებები არ იყო საქმეში: სამხარეო სამმართველო, პროკურატურა სათანადო სიმაღლეზე არ აღმოჩნდა, ვერ/არ გამოიძიეს საქმე,– მტკიცებულებები არ იყო საქმეში! მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მხოლოდ დანაშაულის დაფარვა დაუმტკიცდა [მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ქალს–რედ]“,– ამბობს „აქცენტთან“ მოკლულის ოჯახის ინტერესების დამცველი ციცინო ბაბუნაშვილი.

ვინაიდან საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს, განაჩენი შემდგომ ინსტანციაში ვერ გასაჩივრდება, ხოლო მკვლელობის სწორედ დაკავებული ქალის მიერ ჩადენაში დარწმუნებული ოჯახი მართლმსაჯულების განხორციელების გზებს ეძებს.

„მკვლელი ვიცით ვინცაა: დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ის ქალბატონია [დაკავებული–რედ], მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, პროკურატურამ მტკიცებულებების მოპოვება ვერ თუ არ შეძლო და ეს მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. ოჯახი გაჩერებას არ აპირებს! ვგეგმავთ, სასამართლოდან საქმის მასალები გამოვითხოვოთ და უკვე გენერალურ პროკურატურას მივმართოთ, რომ თუ ეს ქალბატონი არაა მკვლელი, მაშ მკვლელი მოძებნონ!“,– ამბობს ადვოკატი.

ამ შემთხვევაში საქმეს კიდევ ერთი გარემოება ართულებს: საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა პირის ერთი და იმავე საქმეზე იმავე მუხლით ორჯერ გასამართლებას კრძალავს და ვინაიდან დაკავებულს ბრალად განზრახ მკვლელობა ჰქონდა წარდგენილი, ხოლო ნაფიცმა მსაჯულებმა იგი ამ ეპიზოდში გაამართლეს, ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, მას ბრალად იგივე მუხლს პროკურატურა ვერ წარუდგენს.

„ამ ქალს [დაკავებულს – რედ ]თავიდან მკვლელობისთვის ვერ გაასამართლებენ! ფაქტობრივად, მკვლელი დაუსჯელი დარჩა. მართალია, სასამართლომ მას დანაშაულის დაფარვისთვის მაქსიმალური სასჯელი – 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ არ დასჯილა იმისთვის, რისთვისაც უნდა დასჯილიყო. ამდენად, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ მკვლელი თავისუფალია“,– დასძენს ადვოკატი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები