
აშშ-ის სამხედრო დაზვერვის დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი
03/05/2021 15:02:06 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს მიერ გლობალური საფრთხეების შესახებ მომზადებული 2021 წლის ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში – „რეგიონალულიპრობლემები და დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი“ საქართველოა მოხსენიებული. კერძოდ, აღნიშნულია, რომ კრემლის მოთხოვნილება, მის უახლოეს სახმელეთო სამეზობლოში დარჩეს, როგორც „უსაფრთხოების მთავარი გარანტორი“, კვლავ მზარდია. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების სექტორში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნატო-სთან და სხვა საგარეო მხარდამჭერებთან თვალსაჩინოდ ასახავს, რომ რუსული „დომინირების მცდელობებს“ რთული გარემო ექმნება.
დოკუმენტშ ხაზგასმულია, რომ 2008 წლიდან რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შეარყია ამ ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით და საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებით:
„კრემლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუს სამხედროებს საპატრულოდ იყენებს. რუსული მხარე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს და არ გაჰყავს ჯარები პრე-კონფლიქტურ პოზიციებზე“.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კრემლი ფლობს ისეთი არადეკლარირებული ქიმიური იარაღის მარაგებს, როგორიც მაგალითად „ნოვიჩოკია“. აქვე, შეერთებული შტატების მთავარ მოწინააღმდეგეებად დასახელებულია რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ანგარიშის მიხედვით, ცდილობენ, შექმნან ისეთი საშუალებები, რომლითაც ოფიციალური ვაშინგტონის სამხედრო უპირატესობას გამოწვევას გაუგზავნიან. საუბარია მარიონეტული ძალებისა და დაქირავებული მებრძოლების გამოყენებაზე, კიბერშეტევებზე, საინფორმაციო მანიპულაციაზე, კონკურენტების ეკონომიკური ძალის შესუსტებაზე და ა.შ.
დოკუმენტის მიხედვით, რუსული სამხედრო ძალები სახელდება ძირითად საფრთხედ არამხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ იმ ტიპის ინსტრუმენტად, რომელსაც სახმელეთო მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლისთვის იყენებს.
ყურადღება მახვილდება იმაზეც, რომ კრემლი ცდილობს გავლენა მოახდინოს მის მეზობლებისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე, მათ შორის კორონავირუსი გამოიყენოს საინფორმაციო ომის საწარმოებლად და ადგილობრივი მთავრობების შესასუსტებლად.