
„რუსულ აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში კონსენსუსია, ვინ დაიწყო ომი და ჩვენ რაღატომ ვიბრალებთ, რა გვინდა?“
17/07/2019 13:39:32 თვალსაზრისი, კომენტარი
20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, რის გამოც მოქალაქეები თითქმის ერთი თვეა, შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მედიასთან მეორედ გამოჩნდა. პირველად მან არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე მმართველი გუნდის მზაობის შესახებ განაცხადა, ხოლო უშუალოდ „გავრილოვის ღამის“ თემაზე კითხვებს დღეს უპასუხა. ივანიშვილმა გაიმეორა მმართველი გუნდის ნარატივი და მიმდინარე პროცესებში, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში ენმ–ს დასდო ბრალი. თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ შემოუძღვა რუსის ჯარს და იგივე სურთ ახლაც. ხოლო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრ სერგეი გავრილოვის ვიზიტის თემაზე საუბრისას 2016 წელი გაიხსენა.
“2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, მათ შორის სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, კიდევ გვარს ვერ გავიხსენებ, ეფესბე–ს ყოფილი თავმჯდომარე. სად იყავით მაშინ?”,– იკითხა ივანიშვილმა, თუმცა არ უთქვამს, რატომ მისცეს რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელს, თუმდაც ყოფილს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, რატომ არ ითვლება ის არასასურველ პირად, მაშინ როდესაც იგივე არგუმენტიც არაერთი მოქალაქე გაუბრუნებიათ საქართველოს საზღვრებიდან და საერთოდ, რა მიზნით იმყოფებოდა ის ქვეყანაში.
საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტ გიორგი გობრონიძეს ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ რამდენიმეგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საქართველოს მდგომარეობა არც ერთ შემთხვევაში არ არის სახარბიელო.
„ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში დაწყებული 2008 წლის ომიდან, დღემდე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ან ბოლომდე ვერ აღვიქვამთ, რასთან გვაქვს საქმე, ან ვერ ვაცნობიერებთ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხის მასშტაბს, ან თავს ვიტყუებთ, რომ შეიძლება, რუსეთთან ურთიერთობები მოწესრიგდეს, ან რუსეთი ძალიან დიდ ზეწოლას ახორციელებს და ჩვენ ამას ვერაფერს ვუპირისპირებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ამ საერთო ფონზე ივანიშვილის განცხადება სურათს არაფერს ჰმატებს და არც აკლებს. გასაგებია, რომ რუსული სპეცსამსახურები დიდი ხანია, საქართველოსთან მიმართებაში აქტიურობენ“,– განუცხადა „აქცენტს“ გობრონიძემ.
რაც შეეხება რუსულ ოკუპაციას და შიდაპოლიტიკურ ბრალდებებს, გობრონიძის შეფასებით, საქართველო პარადოქსში ცხოვრებას განაგრძობს:
„როცა საქმე ეხება ომს, საერთაშორისო კონფლიქტს, ომის შედეგებს, აქ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს ორი განსხვავებული აზრი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ომის პერიოდიდან მოყოლებული გვაქვს "ვის დაიწყო ომი? ვინ არის პასუხისმგებელი? მოვიგეთ თუ წავაგეთ ამ ომში?". ეს კითხვები დაისვა ომის შემდეგ, რაც ერთგვარი პარადოქსი იყო და ამ პარადოქსში ვაგრძელებთ ცხოვრებას. არადა ამაზე პასუხი მარტივია: რუსულ საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში არავინ დაობს იმაზე, რომ ეს ომი დასჭირდა მოსკოვს, არ დაეშვა ბუქარესტის სამიტის შემდგომ საქართველოს დამატებითი დაახლოება ევროატლანტიკური სტრუქტურებთან. ეს 2009 წელს დიმიტრი მედვედევმა [იმხანად რუსეთის პრეზიდენტი] აღიარა ინტერვიუში, ამაზე საუბრობს რუსული აკადემიური სექტორი. შესაბამისად, იქ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ჩნდება. ისინი ამბობენ, ეს ომი რუსეთის ინტერესებისთვის იყო საჭირო და ამ ომით თავის მიზნებს გარკვეულწილად მიაღწია. როდესაც იქ ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს, საინტერესოა, ჩვენ რატომ ვიბრალებთ, რა გვინდა?“.
გობრონიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა, შესაბამისად, მოახლოებული საარჩევნო წელის პირობებში ის "ნულოვანი ჯამის თამაშის" მოლოდინშია:
„ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კლასი ძალიან განუვითარებელია – მისი ფორმაცია არ არის დასრულებული; ძალიან შორს ვართ ევროპული პარტიული სისტემებისგან; პოლიტიკური კლასი ნაკლებად შედგება პოლიტიკოსებისგან; მათი პოლიტიკური ბრძოლაც არის "ნულოვანი ჯამის თამაში", თითქოს მათ შემდეგ ამ ქვეყანამ არსებობა არ უნდა გააგრძელოს. ეს საპრეზიდენტო არჩევნებმაც გვანახა.უკომპრომისო ბრძოლა მიდიოდა ფორმალური წარმომადენლობითი თანამდებობისთვის.საარჩევნო წელი მოდის, იქნება სენტიმენტებით, ემოციებით თამაში, ორივე ძალა ეცდება მოწინააღმდეგის სრულ დემონიზაციას, არ გაგიკვირდეთ, რომ ერთმანეთს მეორედ მოსვლის და ანტიქრისტეს დაბადების მომზადებაც დააბრალონ, რადგან ყველაფერი აქეთკენ მიდის და ამაზე მეტი პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს. საზოგადოება კი იღებს დამატებით რადიკალიზაციას, ნევროზულ გარემოს, ეკონომიკა – შოკს იმ თვალსაზრისით, რომ ყველა არჩევნების წინ ხდება სამოქალაქო ომის, რევოლუციის ან რაღაც სხვა უცნაური მოლოდინების შექმნა. მესიანისტური რიტორიკიდან ვეღარ გამოვედით, ახლაც ამ გზით მივდივართ – ხან ღვთისმშობლის წილხვედრობას ვაკანონებთ, თითქოს მანამდე თავის მოსაწონებლად არ გვყოფნიდა, ხან "დედა ენას" ვაბრუნებთ სკოლებში, რაც ცალკე კითხვის საგანია, 1868 წელს დაწერილი სახელმძღვანელო გვჭირდება თუ არა სკოლებში და ეს გადაწყვეტილება რეალურად რას ემსახურებოდა; ხან წმინდა ნინოს გზას გადიან, ხან მოსეს გზა ადგებიან...ბევრ უცნაურ, ნაციონალისტურ, პოპულისტურ ნაბიჯებს მიმართავს ხელისუფლება. ეს არ არის პოლიტიკის კეთების ფორმა. ამასთან, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, შექმნას აპოკალიპტური სურათი. პოლიტიკური კლასი სახელმწიფოს უსაფრთხოების რეჟიმის უსაფრთხოებასთან გათანაბრებას ცდილობს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.“
მისივე თქმით, „როდესაც ხელისუფლება ვერ ახერხებს, საზოგადოებას შესთავაზოს განვითარების ის მოდელი, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ შეუქმნის საფრთხეს, ხელისუფლება იძულებულია, დაკარგვისკენ წასული ლეგიტიმაცია საზოგადოებაში შეინარჩუნოს იმდაგვარად, რომ მოახდინოს მისი მანიპულირება. ასევე ერთვება ამ თამაშში ოპოზიცია, რომელიც სხვაგვარად ვერ ახერხებს პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021