"ვიმედოვნებ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემას მუდმივად აღარ გადავდებთ"

06-05-2021 21:11:53 საგარეო პოლიტიკა

"ვიმედოვნებ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემას მუდმივად აღარ გადავდებთ", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ "პირველ არხს" განუცხადა.

"საუკეთესო გზა წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემა და საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რეალური სამზადისის დაწყება იქნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დღეს შეუძლებელია, რადგან ნატო-ში ამ საკითხზე ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა. ალიანსის წევრები შიშობენ, რომ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მცდელობას რუსეთის ხისტი პოზიცია მოჰყვება. ნატო-ს წევრები არ არიან მზად, ომში ჩაებან საქართველოსა და უკრაინის გამო. ასეთია სამწუხარო რეალობა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ალტერნატიულ გზაზე, რაც ნატო-ს მხრიდან უკრაინისა და საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის საგრნობლად გაზრდას გულისხმობს. იმედი მაქვს, აშშ-ს ალიანსის სხვა წევრებიც შეუერთდებიან, რათა ერთობლივად გავაძლიეროთ საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა, შესაძლებლობები არა ახალი საბრძოლო მოქმედებების ხელშეწყობისთვის, არამედ რუსეთის შესაკავებლად, რათა კრემლმა აღარ სცადოს იმის გამეორება, რაც 2008 წელს საქართველოში გააკეთა და, რასაც რუსები დღემდე აკეთებენ დონბასში. ნატო-ში ინტეგრაცია თანდათანობით მოხდება. ჩემი აზრით, აშშ-ის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ აფასებს, როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში სამომავლო გაწევრიანება. იმედი მაქვს, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი კრიზისის მაგალითზე აშშ გააცნობიერებს, რომ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურება მხოლოდ გაათამამებს რუსებს, უფრო აგრესიულად მოიქცნენ და დაბლოკონ თბილისისა და კიევის გზა ნატო-სკენ. არ ვფიქრობ, რომ ნატო-ს სამიტზე, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, რაიმე დრამატული ცვლილება მოხდება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გააქტიურების კუთხით რეალური ცვლილებები იქნება და ამ თემას მუდმივად აღარ გადავდებთ", – აცხადებს ვერშბოუ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები