კაცმა ახალგაზრდა ქალი გააუპატიურა, მსხვერპლი მე–8 სართულიდან გადახტა
07/05/2021 17:17:14 სამართალი
საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს – ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 5 მაისს თბილისში ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სავარაუდოდ, საუბარია ყაზახეთის მოქალაქე, 26 წლის ასელ აიტპაევაზე.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საქართველოში სამუშაოდ ნათესავების მოწვევით აპრილში ჩამოვიდა. მასთან კონტაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყდა.
5 მაისს კი აიტპაევამ ყაზახეთში ნათესავს აუდიო–შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც მას მამაკაცი ემუქრებოდა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული რელიზიდან ირკვევა, მოძალადე სამართალდამცველებმა 6 მაისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


