ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში განახლდა

12-05-2021 15:31:13 მსოფლიო

გუშინდელი ღამის შემდეგ ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის სარაკეტო იერიში დღესაც განახლდა.

ისრაელის განცხადებით, "ჰამასმა" ისრაელის ჯიპს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლა. შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საპასუხოდ ისრაელი იმ ნაწილს დაესხა თავს, საიდანაც რაკეტა ისროლეს. პალესტინის მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. 12 მაისის ღამეს განახლებულ სარაკეტო იერიშებს ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის განცხადებით, ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 5 მოქალაქე, მათ შორის, 3 ქალი და 1 ბავშვი, დაიღუპნენ, ათობით მცხოვრები კი მძიმედ დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 43 პირი, მათ შორის, 12 ბავშვი ემსხვერპლა.

მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

გაერო–მ კი ისრაელ–პალესტინის საკითხზე ბოლო 3 დღეში უშიშროების საბჭოს რიგით მეორე სხდომის გამართვა დააანონსა.

იხილეთ ასევე: ისრაელისა და პალესტინის მორიგი სისხლიანი შეტაკება

კონფლიქტის ესკალაცია

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივ საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

თუმცა სიტუაციის ესკალაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაინც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ–ჯარას გარშემო განვითარებული პროცესები განიხილება. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები