"თუ რეფორმები გაგრძელდა, 2027 წელს ევროკავშირში ლიეტუვას პრეზიდენტობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მისცემს"

20-05-2021 16:26:15 პოლიტიკა ,კომენტარი

ლიეტუველი ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ "თუ ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდა, 2027 წელს ევროკავშირში ლიეტუვას პრეზიდენტობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მისცემს". ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე რასა იუკნევიჩენე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი "აქცენტისთვის" გამოგზავნილ ერთობლივ პოზიციაში აღნიშნავენ.

"ასოცირებული ტრიოს" მემორანდუმი, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

იუკნევიჩენე და კუბილიუსი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ “ასოცირებული ტრიოს” ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას "ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად" აფასებენ.

"ასოცირებული ტრიოს" შეთანხმება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის მკაფიო დემონსტრირება ძლიერი ერთგულებისა, ვიმუშაოთ ერთად და გავაგრძელოთ რეფორმების გზა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. ამ შეთანხმების მიღწევა ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამივე ქვეყანა კვლავ რჩება მაღალ დონეზე ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში", – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა

იუკნევიჩენე და კუბილიუსი მიესალმებიან საქართველოს ამბიციას, წარადგინოს წევრობის განაცხადი 2024 წელს და იქვე აღნიშნავენ, რომ ამ მიზნის ირგვლივ მთელი პროევროპული ქართული პოლიტიკური საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, ამასთან, საქართველოს მოკავშირეებმა აქტიურად უნდა იმუშავონ ევროკავშირში რეალისტური ინტეგრაციის ფორმატის შემოსათავაზებლად.

"ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა CEPS–მა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სახელმწიფოების ევროინტეგრაციის შედეგები ერთმანეთს შეადარა და საქართველოსთან მიმართებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ ამჟამად ევროკავშირი, საკუთარი შიდა პრობლემების გამო ფრთხილად ეკიდება ახალი წევრების გაწევრიანებას. სწორედ ამიტომ საქართველოს ინიციატივა და შემდგომი წინსვლის სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია.

მიგვაჩნია, რომ წარმატების მისაღწევად, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოებები და შეთანხმდნენ, რომ ყურადღება გაამახვილონ ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე. უაღრესად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობის შენარჩუნება, კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფა და იმის გააზრება, რომ ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი ოპოზიცია არის ჯანსაღი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი.

გვინდა, საქართველოს მივულოცოთ ამბიცია, წარადგინოს წევრობის განაცხადი 2024 წელს. ეს უნდა გახდეს ძირითადი მიზანი მთელი პროევროპული ქართული პოლიტიკური საზოგადოებისთვის. ანალოგიურად, საქართველოს უახლოესმა მოკავშირეებმა ევროკავშირში აქტიურად უნდა იმუშაონ რეალისტური ინტეგრაციის ფორმატის შემოთავაზების მიზნით, რომელიც შეესაბამება საქართველოსა და ევროკავშირის საჭიროებებს. ასეთი ფორმულა შეიძლება, იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის რომანო პროდის ფორმულა "ყველაფერი (ყველა წევრობის სარგებელი) ინსტიტუციების გარდა".

თუ საქართველოში აუცილებელი რეფორმების განხორციელების გადაწყვეტილება ძლიერი დარჩება, 2027 წელს ევროკავშირის ლიტვის პრეზიდენტობა საშუალებას მოგვცემს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ ეტაპობრივად გადადგას შემდეგი ნაბიჯი", – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

იხილეთ ასევე: „ევროკავშირის წევრობის სანდო კანდიდატობისთვის საქართველომ შიდა სირთულეები უნდა გადალახოს“ – ევროპარლამენტარი კალიურანდი ქვეყნის პერსპექტივაზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები