„ევროკავშირის წევრობის სანდო კანდიდატობისთვის საქართველომ შიდა სირთულეები უნდა გადალახოს“ – ევროპარლამენტარი ქვეყნის პერსპექტივაზე

19-05-2021 17:33:10 პოლიტიკა ,ინტერვიუ

"აქცენტის" ინტერვიუ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელთან, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდთან.

– რეგიონში შექმნილი ახალი რეალობისა და საკუთრივ რუსული საფრთხის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, უნდა გადადგას თუ არა ევროპამ ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად?

– ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია, წარადგინოს წევრობის განაცხადი. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ მრავალი კრიტერიუმი - ე.წ. "კოპენჰაგენის კრიტერიუმები" აუცილებლად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აქ "კარტ ბლანში" არ არსებობს – ქვეყანამ, რომელსაც ნამდვილად აქვს ორგანიზაციაში შესვლის სურვილი, უნდა შეასრულოს საშინაო დავალება - არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ სტაბილური, დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და დაიცვან პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული საერთო მიზნები. ეს ფუნდამენტური ღირებულებები განხილვას არ ექვემდებარება.

– როგორც ცნობილია საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარდგენას გეგმავს. რას ურჩევდით საქართველოს, რომ წევრობაზე განაცხადი წარმატებული აღმოჩნდეს? და თუ საქართველომ ვერ მიიღო მხარდაჭერა, შეიძლება თუ არა არსებობდეს სხვა ინიციატივა?

– 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული 2021 წლის სტრატეგიული პრიორიტეტები, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარდგენა. ცხადია, პოზიტიური თვალსაზრისით ეს ძალიან ამბიციური მიზანია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ეს დაპირებები, პირველ რიგში, მისი მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების გამო. ბოლო პერიოდში მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ზოგიერთ სეგმენტს შორის დაპირისპირება არ დაეხმარა ამ მიმართულებას. ევროკავშირის შუამავლობით მიღებული შეთანხმება, რომელსაც მხარეთა უმეტესობამ ხელი 19 აპრილს მოაწერა, ამ კრიზისიდან გამოსვლის გზას სთავაზობდა. ახლა პოლიტიკოსებმა უნდა იპოვონ პარლამენტში კონსტრუქციული წესით მუშაობის გზა; ასე მუშაობენ განვითარებული დემოკრატიები. შეთანხმება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს – სიტყვით და სულისკვეთებით. ევროპარლამენტი მზად არის დასახმარებლად, მაგალითად, მედიაციის საშუალებით, როგორიცაა "ჟან მონეს დიალოგი".

მე ნამდვილად მჯერა, რომ საქართველო სანდო ქვეყანაა ევროკავშირში წევრობისთვის: ბოლოს და ბოლოს, იგი ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმეტესი სახელმწიფოების წინ დგას რამდენიმე მიმართულებით - როგორიცაა, ეკონომიკური / ბიზნესის თავისუფლება, ზრდასრულთა წიგნიერება, შემოსავლის თანასწორობა ან კორუფციის აღქმა. თუმცა ეს არ არის საკმარისი და როგორც ყველამ ვიცით, საბოლოო გადაწყვეტილებას შესაძლო წევრობის შესახებ მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. მოგვწონს ეს თუ არა, შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული: ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი საზოგადოებრივი აზრი დასარწმუნებელია. ასე რომ, ევროკავშირის წევრობის სანდო კანდიდატობისთვის, საქართველომ უნდა გადალახოს შიდა სირთულეები, გააძლიეროს ისეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა პარლამენტი და სასამართლო სისტემა, ასევე კანონის უზენაესობის დაცვა. ამასთან, ამ მიზნის (ევროკავშირში წევრობა) მისაღწევად საჭიროა ასოცირების შეთანხმების სრულფასოვანი განხორციელება. მე ვიტყოდი, რომ ევროკავშირსა და საქართველოს უკვე აქვთ განსაკუთრებული პარტნიორობა: ასოცირების ხელშეკრულება DCFTA– ს ჩათვლით ძალიან ამბიციური დოკუმენტებია და საქართველო ფაქტობრივად, კიდევ უფრო შორს მიდის. გარდა ამისა, მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ ჩვენი სამი ასოცირებული ქვეყანა (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) აძლიერებს თანამშრომლობას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ძალიან გამამხნევებელია.

– ახსენეთ, სამი ასოცირებული ქვეყანა. 17 მაისს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების თაობაზე, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით ძალების გაერთიანებას გულისხმობს. რა შესაძლებლობებს უხსნის ეს შეთანხმება ამ ქვეყნებს და საკუთრივ საქართველოს?

– უკვე ინტენსიური თანამშრომლობა არსებობს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტებს შორის. გარდა ამისა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 17 მაისს ჩვენი სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" ფორმატის შექმნის შესახებ. მათ აღნიშნეს ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც ძირითადი მიზანი და პირობა დადეს, რომ ითანამშრომლებენ ევროინტეგრაციის საერთო საკითხებზე, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების განსახორციელებლად და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი განვითარების საკითხებში. ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი ძალიან პოზიტიურია, რადგან ასოცირებულ სამ ქვეყანას აქვს მსგავსება, მაგრამ ასევე განსხვავებული თვისებები და მათ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით. ამასთან, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან მან დააბრუნა საკუთრების პრინციპი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პოლიტიკის ცენტრში. მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება შეიძლება, იყოს ევროკავშირის სამომავლო გაფართოების წინა საფეხური, როდესაც ეს ქვეყნები მზად იქნებიან".

Новости

Другие новости