შვეიცარიამ ლუკაშენკო სიცრუეში ამხილა

26-05-2021 18:47:43 ევროპა

შვეიცარიამ უარყო ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცება ავიაკომპანია Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების ამ ქვეყნიდან მიღების თაობაზე. როგორც დღეს შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, მისთვის არაფერია ცნობილი იმ "საფრთხის" შესახებ, რომელიც თითქოსდა ემუქრებოდა Ryanair-ის თვითმფრინავს და რომელმაც, ლუკაშენკოს მტკიცებით, მის ხელისუფლებას უბიძგა, ლაინერი იძულებით დაესვათ მინსკში.

«ჩვენთვის არაფერია ათონი-ვილნიუსის რეისის დანაღმულობის საფრთხის შესახებ, ამდენად, ამასთან დაკავშირებით ბელაურსის ხელისუფლებას ვერაფერს შევატყობინებდით», – ნათქვამია შვეიცარიული მხარის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის ახალი ვერსია წარმოადგინა. ამჯერად იგი ირწმუნება, რომ შეტყობინება ათონიდან ვილნიუსში მფრენი ლაინერის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შვეიცარიიდან მიიღეს.

"თვითმფრინავი "ბელასთან" შემოაბრუნეს. ვაი და ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყო მოყვანილი?" - განაცხადა ლუკაშენკომ [რეალურად, დღემდე არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟს ლაინერის მინსკში დასმის რეკომენდაცია ქალაქ ლიდას თავზე ფრენისას მისცეს, საიდანაც ატომურ ელექტროსადგურამდე დაახლოებით 100 კმ-ია - რედ.]. - ეკიპაჟმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, ლაინერი მინსკში დაესვათ, ბელარუსულ გამანადგურებლებს არავინ უიძულებიათ! თვითმფრინავმა მინსკში დაჯდომა ვერ მოასწრო - და დასავლეთიდან უკვე კრიტიკისა და ფრენების აკრძალვების ტალღა წამოვიდა. რაღაც საეჭვოდ სწრაფად მოახდინეს რეაგირება! მინსკში თვითმფრინავიდან სამი ადამიანი ჩამოვიდა, რათა ვილნიუსიდან არ დასჭირვებოდათ დაბრუნება, მაგრამ ისინი უშიშროების ფეიქ-თანამშრომლებად გაასაღეს!" - განაცხადა ლუკაშენკომ.

მანამდე ადგილობრივ სახელმწიფო მედიაში ვრცელდებოდა ცნობები რამდენიმე ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული "ჰამასის" მხრიდან თითქოსდა მიღებული მუქარების შესახებ, რაც მოგვიანებით თავად "ჰამასმა" კატეგორიუად უარყო.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები