
ევროკავშირის წარმომადგენლობა "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმიანება
19/07/2019 15:34:40 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.
"ვიმეორებთ, რომ მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა,“ - განუცხადეს "რუსთავი 2"–ს წარმომადგენლობაში.
ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. არხის ჟურნალისტები სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის გარანტიებს ითხოვენ.
იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი
"რუსთავი 2"–ის საქმე: როგორ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა