
„რუსეთი აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში“
03/06/2021 07:45:34 საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთა შეხვედრის შემდეგ იმედი გამოტქვა, რომ უკრაინა აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპოაციისკენ.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ნატო-ს ქვეყნების ჩართულობით.
ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარებას და დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობას.
იმედი გვაქვს, აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ.
ჩემი მხრივ მინდა, დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ბატონ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებების დროს მე დავადასტურე, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას, ასევე საქართველოს ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
თავის მხრივ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს აქვთ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები. დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მან უკრაინელ კოლეგასთან ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო შეშფოთება გამოხატა:
„მოხარული ვარ, რომ დენის შმიგალი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც. უკრაინასა და საქართველოს აქვთ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები და დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.