Factcheck: "სააკაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, მისი მმართველობის დროს 7 მილიონამდე ტურისტი იყო, ტყუილია"

03-06-2021 12:15:02 მითები და რეალობა

"მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, მისი მმართველობის დროს 7 მილიონამდე ტურისტი იყო, ტყუილია", – წერს Factcheck.ge.

მისი ცნობით, 2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 4.7 მლნ მოგზაურს, ხოლო მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა 4.1 მილიონს შეადგენდა. საერთაშორისო მოგზაურობის რიცხვი, 7 მილიონს პირველად 2016 წელს მიუახლოვდა, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვმა, 7 მილიონს 2018 წელს მიაღწია.

"არც 2012 წელს და არც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის განმავლობაში, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებისა და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების, შესაბამისად, ტურისტების რიცხვს 7 მილიონისთვის არ მიუღწევია. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი", – წერს Factcheck.ge.

მისი ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტურიზმზე მსჯელობისას განაცხადა (26:30): „ჩემს დროს 7 მილიონამდე ტურისტი იყო, შემდეგ 8 მილიონამდე გამოკრა ხელი, ინერციით“.

"სტატისტიკას საერთაშორისო მოგზაურების შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ტერმინი აერთიანებს როგორც ტურისტებს, ასევე პირებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს და მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით). საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც განახორციელეს ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ განცხადებებში ზემოხსენებული კატეგორიების სინონიმებად გამოყენება გავრცელებული შეცდომაა. მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ კვლევა. ასევე, მცდარი იყო 2016 წელს, ჰოლანდიელი მოგზაურის, ჯასპერ ბლექის მეექვსმილიონე ტურისტად ან ვიზიტორად მოხსენიება, რადგან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვმა 2016 წელს 5.4 მილიონ ადამიანს, ხოლო სართაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვმა 6.7 მილიონი ადამიანს მიაღწია. შესაბამისად, ჯასპერ ბლექი იყო მეექვსმილიონე საერთაშორისო მოგზაური.

2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 4.7 მლნ, ხოლო მათ შორის. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.1 მილიონ ვიზიტორს შეადგენდა. უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რიცხვი 2.5 მილიონი იყო.

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობის და ტურიზმის სტატისტიკა 2011-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვის და შესაბამისად, ტურისტების რაოდენობას, საქართველოს ისტორიაში 8 მილიონი კაცისთვის არასდროს მიუღწევია, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობის რიცხვმა, 7 მილიონს პირველად, 2017 წელს მიაღწია და 7.9 მლნ მოგზაური შეადგინა. თუმცა, ზემოთ აღნიშნული მიზეზებით, ამ პირების ტურისტებად მოხსენიება მცდარია. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი, არაერთი პარამეტრის მიხედვით.

ტურიზმის სფერო, 2019 წელს რეკორდული იყო ყველა თვალსაზრისით, ხოლო 2020 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვი 7.7 მლნ-დან 1.5 მლნ-მდე შემცირდა, რაც ბუნებრივია, პანდემიასთან დაკავშირებულ ჩაკეტვებს უკავშირდებოდა", წერს Factcheck.ge.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები