
დავით ბერძენიშვილი: "უკრაინელი შოუმენით არ ვარ დაიმედებული"
22/07/2019 06:52:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
“რესპუბლიკური” პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი უკრაინაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მიშამ იცოდა, რომ ბარიერის ნახევარსაც ვერ მიაღწევდა. 5%- იანი ბარიერია, ორიოდე პროცენტი მაინც ვერ გვიშველის და ზელენსკის პარტიას მიეცით ხმა პროპორციულშიო, ამ სიტყვებით მიმართა მის ამომრჩეველს… 1%- ზე ნაკლები ჰქონდა გამოკითხვებით. 88 მაჟორიტარი ჰყავდა 199- დან, როგორც მახსოვს. კატასტროფა აქვს მაჟორიტარებშიც… რასაც გადავხედე, მეორე ადგილზეც არ ჩანს ჯერჯერობით მისი რომელიმე კანდიდატი. მისი პარტია ვირტუალურია, მიინგრა მიშას უკრაინიდან გაძევების შემდეგ...”, – წერს ბერძენიშვილი.
მისივე განცხადებით, სააკაშვილზე გაცილებით ძლიერ პროდასავლურ სუბიექტებს გაუჭირდათ არჩევნებში.
“მასზე გაცილებით ძლიერ პროდასავლურ სუბიექტებს გაუჭირდათ – ჯამში არანაკლებ 15% მიართვეს ბარიერის გადაულახაობის გამო იმათ, ვის წინააღმდეგაც მისცეს ხმა – ყველაზე მეტი ზელენსკიმ, მერე პრორუსებმა, ასევე პოროშენკომ და ტიმოშენკომ და ვაკარჩუკმა იხეირეს ამით….მათ წინააღმდეგ მიცემული ხმები მათ მანდატებად იქცა – 30/35 მანდატია, ბევრია. პოლიტიკური კლასის ყველაზე გოთვერნული ნაწილი ( პოროშენკოს და ტიმოშენკოს წრე) გადარჩა, სხვები კი განადგურდნენ, ან ღრმა პერიფერიაზე აღმოჩნდნენ.. ამდენი არაპოლიტიკური სისხლი რადაში უკეთესია? არ ვარ დარწმუნებული… არაკვალიფიციური ნაცრისფერი უმრავლესობა ეყოლება ზელენსკის? ვნახოთ… მე არ მიტაცებს ეს ტენდენცია-არც იტალიელი კლოუნის მდარე პოპულიზმი მომწონს და არც უკრაინელი შოუმენით ვარ დაიმედებული… რუსეთთან მიმართებაში რას იზამს რადაში გამარჯვების მერე, კაცმა არ იცის…ერთზე არ ვწერ- მაინც მაგ ქვეყნის იმედად ვართ”, – წერს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცსკო-ს წინასწარი მონაცემებით, ზელენსკის პარტია ლიდერობს.