
ზალკალიანი – NATO–ს სამიტზე: „მაქვს ინფორმაცია, რომ ტექსტი არის ძალიან კარგი"
14/06/2021 09:04:17 საგარეო პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ნატოს 2021 წლის სამიტზე საქართველოს დელეგაციის არმიწვევას, სამიტის "განსხვავებული ფორმატით" ხსნის და ამბობს, რომ ამის მიუხედავად, სამიტის დეკლარაციაში ტექსტი საქართველოზე იქნება "ძალიან კარგი".
მისი თქმით, პარტნიორებთან ერთად მოხერხდა, რომ საქართველოს საკითხი ნატო–ს დღის წესრიგშია შეტანილი.
„მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ტექსტი არის ძალიან კარგი: ასახულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო–ში ინტეგრაციის კუთხით; მაქვს მოლოდინი, რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო–ს წევრი; იქნება საუბარი ოკუპაციაზე და იმაზე, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები; იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში; ხაზგასმა იქნება, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი საბოლოო წვერობისთვის; ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე", - განაცხადა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. ალიანსის წევრები კომუნიკეს მიიღებენ.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება რუსეთის აგრესიული ქცევა და ალიანსის ძლიერი შეკავების და თავდაცვის მიდგომა და დიალოგი.