Accentnews.ge
როგორია საერთაშორისო კონტექსტი სამიტებით დატვირთული კვირეულის შემდეგ – ხედვა, მათ შორის, საქართველოდან

როგორია საერთაშორისო კონტექსტი სამიტებით დატვირთული კვირეულის შემდეგ – ხედვა, მათ შორის, საქართველოდან

17/06/2021 10:58:17 საგარეო პოლიტიკა, ანალიზი

აშშ–რუსეთის ისტორიულ მინიმუმზე დასული ურთიერთობების ფონზე, 16 ივნისს აშშ–რუსეთის ლიდერების შეხვედრამ ჟენევა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია, რომელიც თავის მხრივ დატვირთული კვირის ერთგვარ ბოლო „აკორდად“ განიხილებოდა: ბაიდენ–პუტინის სამიტს წინ უსწრებდა „დიდი შვიდეულის“, აშშ–ევროკავშირის, ნატო–ს სამიტები. კრემლისადმი ჯო ბაიდენის ადრეული მკაცრი განცხადებების ფონზე, პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილს, მათ შორის, საქართველოში, გაუჩნდა მოლოდინი რუსეთისადმი დასავლეთის მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბების, თუმცა შეხვედრის შემდეგ ლიდერების მიერ ცალ–ცალკე გამართული პრესკონფერენციების კვალდაკვალ, ანალიტიკოსთა ნაწილი, მათ შორის, აშშ–დან, სვამს კითხვას, „რაში სჭირდებოდა ბადენს ეს სამიტი?“, განიხილავენ რა მას საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან მეორეხარისხოვან ლიდერად აღიარებულ ვლადიმირ პუტინისთვის საჩუქრად (რომელიც პრესკონფერენციაზე საკმაოდ ხალისიანადაც გამოიყურებოდა). მით უფრო, რომ როგორც რუსი ანალიტიკოსები წერენ, შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო გაუფასურებული რუსული რუბლისთვის, საერთაშორისო ბაზრისთვის, ვინაიდან გადაიდო სანქციების საკითხი, ფაქტობრივად დასრულებულია კრემლის საამაყო პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, დაიწყო ორ სახელმწიფოს შორის დიალოგი, თავად პუტინი კი, ცდილობს რა თავის საერთაშორისო ლიდერად წარმოჩენას, მსგავს სამიტებს იყენებს როგორც საშინაო, ისე საგარეო მიზნებისთვის და არის მოლოდინიც, თავი ტრიუმფატორად გამოაცხადოს.

იხილეთ ასევე: კრემლის დეზინფორმაცია მოქმედებაში: პესკოვის მტკიცებით, "რუსეთის მიმართ ბრალდებები არც სამიტამდე, არც მისი მსვლელობისას გაჟღერებულა"

პოლიტიკის კომენტატორთა ნაწილის შეფასებით, ბაიდენმა შეხვედრით, რომელიც თავის მხრივ უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების განსაკუთრებული მობილიზაციის შემდეგ ჩაინიშნა, თავიდან აიცილა სამხედრო აგრესია, რომელშიც აშშ მეტად იქნებოდა „ჩათრეული“, ვიდრე აქამდე იყო.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის დაკვირვებით, შეზღუდული საკომუნიკაციო არხების ფონზე, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, განჭვრეტადი იყოს რუსეთთან ურთიერთობები, ვიდრე იმპულსური.

„რუსეთი ყოველთვის უსვამს ხაზს,“არ დაავიწყდეთ, რომ უზარმაზარი არსენალი მაქვს, რომელიც შემიძლია, გამოვიყენო აქ ან სხვაგან“. ეს არის რუსეთის მე–20 საუკუნის დროინდელი ინსტრუმენტი. მან საერთაშორისო პოლიტიკაში, განსაკუთრებით დასავლეთთან მიმართებით ერთგვარი მეკობრის ფუნქცია აიღო, მაგრამ დასავლეთს სხვა პრიორიტეტები აქვს: ცდილობს, არამხოლოდ განჭვრეტადი იყოს ეს პოლიტიკა, არამედ გარკვეულწილად, მართვადი – მეტი იყოს კომუნიკაციის არხები, ვიდრე დღემდე არსებობდა(იცით, რომ ელჩები გამოწვეულ იქნა, არ იყო დიალოგი), მათ შორის, ბაიდენმაც ხაზი გაუსვა, რომ ნატო–ს და G7–ის ლიდერების თანხმობა იყო, რომ ის ელაპარაკება[პუტინს – რედ.]“.

რაც შეეხება საქართველოს, პრობლემური საკითხების ნუსხაში, რომელიც მედიისთვის გახდა ცნობილი, ნახსენები არ ყოფილა. ამის გამო სინანული გამოთქვა რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა:

„10 წლის წინ პუტინისა და ბაიდენის შეხვედრისას საქართველო მთავარი საკითხი იყო. ახლა კი ოკუპაცია არავის უხსენებია. ვწუხვარ, ყირიმის მსგავსი ბედის გამოც. აი, რა ხდება, როცა ჩვენ დასავლეთში წარსულს ვივიწყებთ და მხოლოდ მომავალზე ვართ ორიენტირებულნი“.

მსგავსი მოლოდინი არ ჰქონდა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელს, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს, ფიქრობს რა, რომ ახლა პოლიტიკური ლიდერებისთვის მთავარი საკითხი ჩინეთის შეკავებაა:

„თუ რუსეთი ჩინეთს მიემხრო, ეს კარგი არ იქნება ამერიკისთვის. მიდის თამაში, ჩინეთი იდეაში რუსეთისთვისაც საფრთხეა და ვინ უფრო დათმობს, ამაზე მიდის გლობალური თამაში. შეხვედრა უკავშირდებოდა ჩინეთს, ირანს, სტრატეგიულ სტაბილურობას – ორივე ქვეყანას ძალიან ბევრი ატომური იარაღი აქვს, შესაბამისად, მათ შორის ურთიერთობების გარკვეულწილად დალაგებაა საჭირო, რომ მსოფლიო ხიფათში არ იყოს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია მათთვის. მთავარი, რაც ახლა ფსონზე დევს, როგორც უკვე ვთქვი, ჩინეთია. ორივე მხარე ერთმანეთს ჩინეთით დაშინებას ცდილობს, „თუ არ დათმობ რაღაცას, არ დაგეხმარები ჩინეთთან“. რომელს უფრო გამოსდის დაშინება, ამას ვნახავთ“.

რაც შეეხება ნატო–ს სამიტს, შარაშენიძე ფიქრობს, რომ ყოველი სამიტის წინ გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა პროცესს აზიანებს, მათ შორის, ქმნის რისკებს საზოგადოებრივი განწყობების მხრივ, მით უფრო, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი საერთაშორისო კონტექსტი არ არსებობს:

„დღეს არ არის შესაბამისი საერთაშორისო კონტაქტი და იმედია შეიცვლება უფრო ადრე, ვიდრე გვიან. მანამდე კი ქვეყანა ქვეყანას უნდა დავამსგავსოთ, გავაძლიეროთ ეკონომიკურად, დემოკრატიის თვალსაზრისით და ოდესღაც თავაწეულები შევალთ ნატოში, მაგრამ ეს არ იქნება ხვალ“.

ვანო მაჭავარიანი კი დარწმუნებულია, აშშ–რუსეთის ლიდერების გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც, მათ შორის, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი და მისი რუსეთის მიერ 2016 წელს სანქცირებულთა სიაში შეყვანილი მოადგილე ვიქტორია ნულანდი ესწრებოდნენ, საქართველოს თემა უკრაინასთან ერთად გაიჟღერებდა.

მაჭავარიანის დაკვირვებით, ნატო–ს სამიტის შემდეგ შეიქმნა პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის მხარდაჭერის კონტექსტი, რომელიც მანამდე არ იყო. მსგავსი მიდგომა დააანონსა ბაიდენის ადმინისტრაციამაც და მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ეს გარემოება გამოსაყენებელია.

„პარტნიორები გვეუბნებიან, რომ დღეს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არაა კინკლაობის დრო, „ნუ დაკარგავთ შემდეგ 6 თვეს, იმუშავეთ ქვეყნის შიდა და საგარეო დღის წესრიგის ჩამოყალიბებისთვის, რათა ერთიანი დღის წესრიგით წარდგეთ. გვიჭირს საქართველოს დღის წესრიგში ჩასმა იმიტომ, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისით დომინირებს. გავიგეთ, რა არის „ქართული ოცნება“, მაგრამ...“ ბალტიის ქვეყნებს შიგნით გაურკვევლობები ჰქონდათ, მაგრამ გარეთ – ერთიანი. ეს კონსტიტუციაშიც გვაქვს, რეზოლუციაც არსებობს, მაგრამ მექანიზმია სწორად ჩამოსაყალიბებელი, სადაც სიტყვიდან პირდაპირ ნაბიჯებზე გადახვალ, კონკრეტულად რას ითხოვ. უკრაინელები პირდაპირ ითხოვენ რა უნდათ და მიიღეს 415 მილიონი დოლარი. იციან, რომ MAP-სგან ჯერ შორს არიან, მაგრამ ფიზიკურად უნდათ დაცულები იყვნენ. ეს დახმარება პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ უკრაინაში ფრონტის ხაზი გადის სამხედრო ოპერაციებზე, საქართველოში ეს ფრონტის ხაზი გადის დემოკრატიის ქონა არ ქონას შორის. ეს უნდა გაიგონ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომ დღის წესრიგში აღმოჩნდე. ჩვენი მეგობრები – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი მეტად ლობირებენ საქართველოს, ვიდრე ჩვენივე პოლიტიკური ძალები, რადგან ისინი ერთმანეთზე საჭორაოდ ჩადიან [ევროპასა და აშშ–ში]. ეს უნდა შეიცვალოს, უნდა გააფართოონ წრეც ანალიტიკური წრეებით (ამერიკა ასე მუშაობს) და არა მუდმივად პრობლემებზე, არამედ დღევანდელსა და მომავალზეც“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S