Accentnews.ge
კრემლის დეზინფორმაცია მოქმედებაში: პესკოვის მტკიცებით, "რუსეთის მიმართ ბრალდებები არც სამიტამდე, არც მისი მსვლელობისას გაჟღერებულა"

კრემლის დეზინფორმაცია მოქმედებაში: პესკოვის მტკიცებით, "რუსეთის მიმართ ბრალდებები არც სამიტამდე, არც მისი მსვლელობისას გაჟღერებულა"

17/06/2021 08:03:34 მსოფლიო

როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლმა ბაიდენი-პუტინის 16 ივნისის სამიტთან დაკავშირებით სადეზინფორმაციო კამპანია აამოქმედა. ამ კამპანიის ნაწილია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის - დიმიტრი პესკოვის დღევანდელი განცხადებაც, თითქოს აშშ-ის მხრიდან მოსკოვის მიმართ რაიმე ბრალდებები "არც სამიტამდე, არც მისი მსვლელობისას გაჟღერებულა".

«სამიტამდეც და მისი მსვლელობის დროსაც აქცენტირებული იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებას არავინ ადანაშაულებს და რუსული მხარის მიმართ არავითარი ბრალდება არ გაჟღერებულა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ამის კონსტატაციას ვახდენთ და ამას ძალზე პოზიტიურად აღვიქვამთ», — განაცხადა დღეს პესკოვმა.

არადა, ჯერ კიდევ გუშინ თავად რუსეთის პრეზიდენტს მოუწია ჟურნალისტებისთვის იმის განმარტება, მოსთხოვა თუ არა პასუხი აშშ-ის ლიდერ ჯო ბაიდენს ამასწინათ მისი მისამართით ბრალდებების ხისტი ფორმით გამოთქმისთვის. როგორც პუტინმა აღნიშნა, ბაიდენმა მას დაურეკა იმ ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მისი მისამართით მკვეთრი განცხადებები აკეთა. «ჩვენ ურთიერთობები გავარკვიეთ და მე ამ გარკვევამ დამაკმაყოფილა. მან შეხვედრა შემომთავზა - და დღეს [16 ივნისს - რედ.] შევხვდით კიდეც. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამერიკის ლიდერი ძალზე გამოცდილი პოლიტიკოსია" - განაცხადა პუტინმა ბაიდენთან ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე.

ამერიკული მხარე 16 ივნისის სამიტთან დაკავშირებით კრემლის მხრიდან დეზინფორმაციასა და სპეკულაციებს აშკარად ელოდა და პრევენციული ზომებიც მიიღო. როგორც ბაიდენი-პუტინის მოლაპარაკებების დაწყებამდე სამიტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - რუსეთში აშშ–ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა, სწორედ იმ მიზნით, რომ რუსეთის მხრიდან ყოველგვარი დეზინფორმაცია-ინტერპრეტაცია-სპეკულაცია გამორიცხულიყო, 16 ივნისის შეხვედრას სტენოგრაფისტები დაესწრნენ.

ცნობისთვის: გუშინ ჟენევაში აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა. პუტინმა აუდიენციას "კარგი" უწოდა. ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ შეხვედრის ატმოსფერო "დადებითი" იყო და რომ მან "ის გააკეთა, რის გასაკეთებლადაც ჟენევაში ჩავიდა". მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე პუტინთან განხილულ საკითხებს შორის ბაიდენმა უკრაინა, კიბერ–შეტევები, ადამიანის უფლებების დაცვაც დაასახელა.

პესკოვის დღევანდელ სადეზინფორმაციო განცხადებასთან დაკავშირებით შეგახსენებთ მის მიერვე 19 მაისს ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარს, რომელიც სწორედ ბაიდენის ხისტ ბრალდებებს ეხებოდა. "რუსეთის ლიდერის მიმართ ამერიკელი კოლეგის ნეგატიური გამონათქვამები არ არის მთავარი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის წინ. მთავარი, რაც მთელს მსოფლიოს აღელვებს, სტრატეგიული სტაბილურობაა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც მთელს მსოფლიოს ეხება», — ასე უპასუხა პესკოვმა მაშინ კითხვას, "მზადაა თუ არა პუტინი, ბაიდენს თავხედური ბრალდებები დაუვიწყოს?".

საუბარი ეხებოდა 7 მარტს აშშ-ის ლიდერის მიერ ტელეკომპანია "ABC"-სთვის მიცემულ ინტერვიუს, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ "რუსეთის პრეზიდენტს პასუხისგება მოუწევს ამერიკულ არჩევნებში ჩარევაზე, თუ ეს საბოლოოდ დადასტურდა". გარდა ამისა, ბაიდენმა მაშინ დადებითი პასუხი გასცა ინტერვიუერის კითხვას, თვლის თუ არა პუტინს მკვლელად.

18 მარტს კი ბაიდენის ბრალდებებს თავად რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა. ყირიმის საზოგადოებრიობასთან შეხვედრისას მან აშშ-ის ხანდაზმულ პრეზიდენტს ცინიკურად უსურვა ჯანმრთელობა და გაიხსენა საბავშვო გამონათქვამი: "ვინც იძახის, იძახის - თავის თავზე იძახის". მოგვიანებით პუტინმა ბაიდენს პირდაპირ ეთერში ტელედებატების გამართვაც შესთავაზა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 13 აპრილს, სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა პუტინს ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა მთელი სპექტრის სამიტზე განხილვა შესთავაზა და ამის შემდეგ მალევე ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების შემოღების თაობაზე. ამას მაშინ პესკოვი გამოეხმაურა: "აშშ-ის მტრული ნაბიჯები ხელს უშლის მოსკოვს, პუტინთან შეხვედრის შესახებ ბაიდენის წინადადება განიხილოს. აშშ სიტყვიერად ყველა სფეროში ურთიერთქმედების შესახებ საუბარს გვთავაზობს, საქმით კი რუსეთის მიმართ მტრულ ნაბიჯებს დგამს" - აღნიშნა მაშინ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S