Accentnews.ge
„სხვანაირად გაიგეთ, ეგ სიტყვა ასე არ მითქვამსო” – ზაზა გახელაძის მამა პრემიერ–მინისტრს შეხვდა

„სხვანაირად გაიგეთ, ეგ სიტყვა ასე არ მითქვამსო” – ზაზა გახელაძის მამა პრემიერ–მინისტრს შეხვდა

22/06/2021 11:58:04 საზოგადოება

ოკუპანტების მიერ გატაცებული და ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, პრემიერმა მისთვის წარსულში მიცემული პირობა უარყო.

“წუხელის ჩემი ნალაპარაკები ნახეს, გაშიფრეს და მთხოვეს, თუ შეიძლებოდა, ჩავსულიყავი და პირადად შევხვედრილიყავი [პრემიერ-მინისტრს–რედ.]. ჩავედი ღარიბაშვილთან. „თქვენ დაგვპირდით, რომ ორ კვირაში ზაზა უნდა გამოსულიყო, თქვენ ვერ გამოიყვანეთ-მეთქი“. „თქენ სხვანაირად გაიგეთ, მე ეგ სიტყვა ასე არ მითქვამსო”, – განუცხადა ზაზა გახელაძის მამამ “მთავარი არხის” ჟურნალისტს და დასძინა, რომ შეხვედრაზე პრემიერს კონკრეტული არაფერი უთქვამს.

გახელაძე ამბობს, რომ მან ღარიბაშვილს ოჯახის გეგმები გააცნო:

“ვუთხარი, რომ ჩვენი დიალოგი ასე ვერ გაგრძელდებოდა და მე ჩვეულებრივ ვაპირებ ხვალ გადასვლას [ოკუპირებულ ტერიტორიაზე – რედ.] და ოჯახში [ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – რედ.] დარჩენილები ჩაატარებენ საპროტესტო აქციებს. გვირჩია [ღარიბაშვილმა–რედ.], რომ არ გადავსულიყავი, მაგრამ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ „რადგან ვთქვი, მაინც უნდა წავიდე-მეთქი”.

შეგახსენებთ, რომ როგორც ოჯახმა დააანონსა, მამა 23 ივნისს პროტესტის ნიშნად, საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლას გეგმავს.

იხილეთ ასევე: "უშიშროების კომიტეტი" გახელაძეების აქციას მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობად აფასებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა კახიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამით საერთაშორისო სკანდალი გაღვივდება.

"ეს ადამიანი, ჩემი ინფორმაციით, არის ჯანმრთელად და ნორმალურად, თუმცა ციხეში. ის ხმამაღალი განცხადებები, რა შედეგს მოუტანს ამ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ესეც ხო დასაფიქრებელია? ამოცანა რა არის? ამ ადამიანის დაბრუნება, თუ საერთაშორისო სკანდალის გაღვივება, შეიძლება იმის ჯარხზეც, რომ ვიღაცის სიცოცხლეც რაღაცას ემსხვერპლოს?

იმ მონაკვეთზე საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც დაუცველები არიან ასეთ პირობებში. მათზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გავაკეთოთ, რომ ერთი დღის ნიუსი აჭრელდეს და შემდეგ რა იქნება ამაზე არ ვიფიქროთ", - განაცხადა კახიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახელაძეების ოჯახს პრემიერი ღარიბაშვილი 8 მაისს შეხვდა. როგორც ოჯახმა განაცხადა, მაშნ პრემიერი დაჰპირდა, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს ორ კვირაში დაუბრუნდებოდა და მშობლები, მეუღლე ამის გამო იკავებდნენ თავს აქტიურობისგან, თუმცა მიცემული ვადა ამოიწურა.

მთავრობის ცნობით კი, ღარიბაშვილმა გახელაძის უჯახის წევრებს უთხრა, “რომ ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებად. საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან”.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს “საზღვრის” დარღვევისთვის. მოგვიანებით ბრალი წაუყენეს ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გახელაძე ამ დრომდე ცხინვალის საპატიმროში რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S