22-06-2021 16:34:24 საშინაო პოლიტიკა
"ვიმედოვნებ, რომ მითითების ტონი არ იყო, უბრალოდ იყო რეკომედაციის ტონი", - ასე ეხმიანება დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კახა კახიშვილი მოსამართლეების დანიშვნის თემაზე აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებას.
"მხოლოდ იმიტომ, რომ ელჩმა ასე ბრძანა და უალტერნატივოდ აღარ უნდა განვიხილოთ, მე არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ სასამართლოს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ელჩის ჭკუაზე ივლის ქვეყანა? შეიძლება რეკომდანცია გასცე, მაგრამ მითითებები, ცოტა ჩემთვის გაურკვეველია.
ვიმედოვნებ, რომ მითითების ტონი არ იყო, უბრალოდ იყო რეკომედაციის ტონი და მე მეტსაც გეტყვით, დღეს წინაპირობა იმის, რომ გითხრათ, არა, გინდა თუ არა, ამ მოსამართლეებს განვამწესებთ, არ არსებობს უბრალოდ. დაველოდოთ მოვლენებს, შემოვა ეს სია, შეიძლება, საერთოდ არ უყაროს კენჭი პარლამენტმა ამ საკითხს, შეიძლება საერთოდ არც მივიდეს განხილვამდე", - განაცხადა კახიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით მიიღებენ და არა - მითითების საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების დოკუმენტს ახსენებენ და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
იგივე არგუმენტაციით კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
17 ივნისს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
22 ივნისს აშშ–ის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველ გუნდს რეფორმებამდე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის სეჩერების ვალდებულება:
"სანამ რეფორმების პროცესი დაიწყება, პოლიტიკური ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაიმართებოდა დებატები, თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით.
შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოილაპარაკეს ამაზე და შეთანხმდნენ ამ პროცესის შეჩერებაზე მანამ, სანამ სასამართლო რეფორმაზე სრულფასოვანი დებატები არ გაიმართება. საქართველოს კონსტიტუცია ცხადად მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს სერიოზული ვალდებულება და დაპირებაა ქართველი ხალხის წინაშე.
საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პროცედურების და პროცესების უმეტეს ნაწილს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა საერთო კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების მიერ და სხვა კანონმდებლობით, რომელთა ამოქმედება და კორექტირება პარლამენტის უფლებამოსილებაა.
ახლა პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და 19 აპრილის ხელშეკრულებით, შეაჩეროს დანიშვნების პროცესი და უზრუნველყოს დებატები, უზრუნველყოს წინა რეფორმების შეფასება, რაც ასევე არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებით, რათა საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებული იყოს, რომ სასამართლო სისტემა არის ისეთივე ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სერიოზულად მოეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას და გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით, რაც გულისხმობს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ არ გაიმართება სრული და ინკლუზიური დებატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით".
შეგახსენებთ ასევე, რომ შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც მათ შორის, მმართველი პარტია აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.