
„კიევსა და თბილისს შორის დიალოგი ახალ იმპულსს იძენს და ჩვენი ამოცანაა, პარტნიორობა კონკრეტული პროექტებით შევავსოთ“
23/06/2021 13:34:01 საგარეო პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს.
„პოლიტიკური დიალოგი ჩვენს დედაქალაქებს, კიევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით ურთიერთმხარდაჭერისა და ჩვენს შორის მაღალი ნდობის საფუძველზე“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ კოლეგასთან სეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკის განმარტებით, უკრაინასა და საქართველოს აერთიანებთ ერთობლივი მიზნები ევროკავშირსა და ნატო-ში სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით:
„ასევე, სასიამოვნოა, აღვნიშნოთ ჩვენი პოზიციების მსგავსება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფო ფლოტებს შორის შავ ზღვაში. აქტიურად ვმუშაობთ ამ ინიციატივის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთან და სხვა მეზობლებთან, იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ პროგრესს“.
უკრაინის პრეზიდენტი ახადებს, რომ ორივე ქვეყანამ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს:
„ჩვენ ერთობლივი ევროპული მისწრაფებები გვაქვს. უკრაინამ და საქართველომ უნდა იზრუნონ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება საკვანძო მიმართულება შემდგომი ურთიერთობების. მწამს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება, განვითარდება საქართველოსა და უკრაინის ინტერესებში, ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების ინტერესებში“.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან უკრაინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
ამასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების 30 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება:
„პრეზიდენტ ზელენსკის ვეპატიჟები, 18 ივლისს ვიზიტით ჩამოვიდეს საქართველოში. ასევე, მესმის, რომ ყირიმის პლატფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც კი ჩავალთ, კოორდინაციის რეჟიმში გადავწყვეტთ, ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო უთუოდ იქნება ამ პლატფორმაზე წარმოდგენილი. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ მაღალ დონეზე და შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის, კულტურული დღეებით აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.