
ზურაბიშვილმა კიევიდან კრემლს მიმართა
23/06/2021 13:52:45 საგარეო პოლიტიკა
კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინის საერთო პრობლემაზე – ოკუპაციაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, დღეს საქართველოსა და უკრაინას აერთიანებთ არა მხოლოდ საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები:
„ეს არის ჩვენი ქვეყნებისა და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირი და ნატო-სკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაზრდა“.
რუსული პროვოკაციების კონტექსტში ზურაბიშვილმა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძეც ახსენა:
„არ შეიძლება, რუსეთისგან გაგრძელდეს ყოველდღიური პროვოკაციები, დელიმიტაციის ხაზზე გადაადგილება, გატაცებები. დღეს მინდა, კიდევ ერთხელ ვახსენო ჩვენი მოქალაქე გახელაძე, რომელიც არის 12 წლით დაკავებული, სახელმწიფო უწყებები მუშაობენ მისი გათავისუფლებისკენ და ყველა ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით ამ კუთხით პირდაპირ მხარდაჭერას. ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ არის ნათელი, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავის განაცხადა და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მინდა, მოვუწოდო რუსეთს, რომ იგივე გზას გაყვეს ამ რეგიონში და საერთოდ დღევანდელ მსოფლიოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ ყველა უნდა მიხვდეს, რომ სტაბილიზაციის, დეესკალაციისა და დიალოგის გარდა, სხვა გზა არ არის, ესკალაციის პირობებში კი კონფლიქტის დაძლევისთვის გზა ვერ მოიძებნება:
„დიალოგს სჭირდება დეესკალაცია და მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ კიევიდან იყოს ეს ნათქვამი: ვერც ერთი ესკალაციის პირობებში ვერ იქნება სახელმწიფოთა შორის რამე გზა მოძებნილი კონფლიქტების დაძლევისთვის. ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა, მხარდაჭერა არის აუცილებელი, ვიცით, რომ არსებობს და იარსებებს. ბევრზე კარგად გვესმის უკრაინის მძიმე მდგომარეობა, ერთი მხრივ, ყირიმის ოკუპაცია, მეორე მხრივ, აღმოსავლეთ რეგიონებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო დესტაბილიზაციისა და ესკალაციის ფონზე. მინდა, გამოვიყენო ეს საშუალება, დაღუპული მეომრების ოჯახებს მივუსამძიმრო და ქართველი ხალხის თანადგომაც გამოვუცხადო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.