
საეკლესიო კონფლიქტის გამო აფხაზეთის ახალი ათონის მონასტერი დაიხურა
15/05/2019 13:10:30 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიის საბჭომ საეკლესიო კონფლიქტის გამო ათონის მონასტრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ეს გადაწყვეტილება საბჭოს საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული, რომელიც „წმინდა მიტროპოლიის“ ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ დოროთეს (დბარი) და წმ. სვიმონ კანანელის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიდიაკონ დავითის (სარსანია) თავმჯდომარეობით გაიმართა.
როგორც "წმინდა მიტროპოლიის" ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევისა და ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის სასულიერო პირებისა და წინამძღოლ ბესარიონ აპლიას პროვოკაციული ხასიათის ქმედებები“ გახდა.
ცნობისთვის: 11 მაისს ახალი ათონის მონასტერში „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის“ სასულიერო პირთა ჯგუფი მივიდა წინამძღოლ ბესარიონ აპლიას ხელმძღვანელობით და მონასტრის მისაღებ დარბაზში განლაგდა. დბართან შეხვედრისას აპლიამ მას "სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის წინაშე მონანიების“ ან ახალი ათონის მონასტრის დატოვების შესახებ ულტიმატუმით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. საპასუხოდ დბარმა აპლიას ტაძარში „სრულიად აფხაზეთის სასულიერო პირთა ერთობლივი ღვთისმსახურების აღსრულება" შესთავაზა, თუმცა ამას "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის“ სასულიერო პირთა მხრიდან აღშფოთება და შეურაცხმყოფელი გაბცხადებები მოჰყვა, რის შემდეგაც დბარმა შეხვედრა დატოვა.
„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის“ წარმომადგენლები ათონის მონასტერში სამი დღის განმავლობაში რჩებოდნენ და საღამოს ლოცვებს ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე აღავლენდნენ.
ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ე.წ. წმინდა მიტროპოლიის საბჭომ სამონასტრო კომპლექსის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და მოწინააღმდეგე მხარეს აფხაზური საეკლესიო პრობლემის გადაჭრისთვის ორმხრივი სამუშაო კომისიის შექმნა შესთავაზა, დე ფაქტო ხელისუფლებას კი „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიისა“ და ე.წ. წმინდა მიტროპოლიის სასულიერო პირებსა და მრევლს შორის შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მონასტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების შესაბამისი ზომების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021