
ბათუმის პორტში ბრიტანული გამანადგურებელი შემოვიდა
25/06/2021 08:21:57 საგარეო პოლიტიკა
ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი შემოვიდა.
„მოხარულები ვართ ბათუმში ვუმასპინძლოთ დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამანადგურებელს HMS Defender.
გაერთიანებული სამეფო განაგრძობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,– აცხადებენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში.
ორი დღით ადრე რუსეთი შავ ზღვაში ინციდენტის შესახებ იუწყებოდა. კერძოდ, 23 ივნისს რუსეთის თავდაცვის უწყებამ ბრიტანული ნაღმოსანი რუსეთის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შავ ზღვაში მოძრავი ბრიტანული გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. დიდ ბრიტანეთში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.
მოგვიანებით ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში „აბსოლუტურად სწორად“ იქცეოდა.
მისივე თქმით, სამეფო ფლოტის შემადგენლობაში მყოფი ნაღმოსანი „დეფენდერი” უმოკლესი გზით მიცურავდა უკრაინიდან საქართველოში.