"საქართველომ სომხეთ–აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის შესრულებით მნიშვნელოვანი პასუხი გასცა რუსეთს"

25-06-2021 13:15:33 კავკასია

სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის (RSC) დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი მიიჩნევს, რომ საქართველომ სომხეთ–აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის შესრულებით მნიშვნელოვანი პასუხი გასცა რუსეთს და ამავდროულად, მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია სტრატეგიული საკითხების დაგეგმვა და მომზადება.

როგორც "აქცენტს" პოლიტოლოგმა განუცხადა, თბილისის როლის მნიშვნელობა შესაბამის დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩართული მხარეებისას შესაძლოა, აღემატებოდეს კიდეც.

მისი თქმით, საქართველოს ჩართულობა მნიშვნელოვანია ორი ძირითადი მიზეზის გამო:

"ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს სამხედრო ტყვეები გადასცა და ამ საქმეში საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მათი გათავისუფლებისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას ხელმძღვანელობდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და შვედეთი, როგორც ეუთო–ს თავმჯდომარე ქვეყანა, მათ ასევე მხარს უჭერდა ევროკავშირი. თუმცა საქართველოს როლი მათი თანაბარი, თუ არა მეტად მნიშვნელოვანი იყო ორი ძირითადი მიზეზის გამო:

  • პირველად, ბოლო რამდენიმე წლის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი ბოლოს და ბოლოს დათანხმდნენ დახმარების თაობაზე ქართულ შეთავაზებას. საქართველო წარმოადგენდა შუამავალს, ნეიტრალურ მეზობელს, რომლის ძალისხმევა მიმართული იყო დაძაბული ვითარების განმუხტვისა და ნდობის განმტკიცების ხელშეწყობისკენ. ეს ფაქტი აძლიერებს საქართველოს, როგორც მედიატორი ქვეყნის როლს. გამოჩნდა, რომ იგი არ არის მხოლოდ სატრანზიტო სახელმწიფო ვაჭრობისა და ენერგო მიმართულებით.
  • მეორე მიზეზი არის ის, რომ სწორედ ეს შუამავლის როლი აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, შესთავაზოს მისი გაცილებით მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სა და ევროკავშირს. ეს მეორე ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოახდენს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უფრო მეტად დემონსტრირებას.

რუსეთის ომის შემდგომი (აქ ვგულისხმობ 2008 წლის აგვისტოს ომს და ყარაბაღის მეორე ომს) მიზანია ხელი შეუშალოს საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციასა და დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ყარაბაღის ომის შემდგომ კონტექსტში, რუსეთის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მთიანი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგება, ასევე ვაჭრობისა და ტრანსპორტის აღდგენის კუთხით გაჟღერებულ ყველა გეგმაში რუსული დომინირება მიზნად ისახავს საქართველოს იზოლირებას ორივე – გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მიმართულებით. ამრიგად, საქართველომ ამ როლით მნიშვნელოვანი პასუხი გასცა რუსეთს და სტრატეგიული დაგეგმვისა და მომზადების დემონსტრირება მოახდინა", – განაცხადა გირაგოსიანმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 12 ივნისს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ".

მისი ცნობით, ასევე შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

ამავე თემაზე: „კავკასიაში 100 წლის განმავლობაში პირველად, ვითარება არსებითად იცვლება“ – ძალთა გადანაცვლება რეგიონში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები